Eng
ქარ Рус

ჩეჩნეთის რესპუბლიკა 

ზოგადი ინფორმაცია
რელიგია
ისტორია
კულტურა
სპორტი

 




ჩეჩნეთის რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

დედაქალაქი - ქ. გროზნო. (Соьлж-ГІала)  ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის სამხრეთით, განლაგებულია მდ. სუნჯას, ორივე ნაპირზე. ჩეჩნურ ენაზე “Соьлж-Гіала”  - ნიშნავს "ქალაქი სუნჯაზე".
1818 წელს, ცალკეული კავკასიური კორპუსის უფროსის, ინფანტერიის გენერლის ალექსეი ერმოლოვის ბრძანებით, დაარსდა ციხე-სიმაგრე გროზნო, რომლის მთავარი დანიშნულება იყო, ხანკალას ხეობის გავლით, ჩეჩენ მთიელთა ბარში ჩასვლის ბლოკირება. ციხე-სიმაგრე შედიოდა ე.წ. სუნჯენის გამაგრების ზოლში. 1870 წ. მან სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა და თერგის საოლქო ქალაქად გადაკეთდა.
1922 წლის 30 ნოემბერს ქალაქი გახდა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ცენტრი (მთიელთა ასსრ-გან გამოყოფილი), 1934 წლის 15 იანვრიდან - ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბერს - ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის.
1991 წ. 1 ოქტომბრიდან - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
1998-2000 წწ. გროზნოს დაერქვა ჯოხარგალა ან ჯოხარი ("Джовхар-Гіала").
2000 წ. - კვლავ ქალაქი გროზნო.

ენა
ჩეჩნური ენა (нохчийн мотт) მიეკუთვნება კავკასიური ენების ნახთა ჯგუფს. გამოიყოფა ბარის, შატოური, აკიური (აუხის), ჭებერლოური, შაროული, მელხური, ითონკალური, გალანჩოჟური და ქისტური დიალექტები. თავის მხრივ ისინი იყოფა კილოკავებად, რომელთა შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. ყველაზე მეტად ერთმანეთისგან განსხვავდება ბარის, აკიური, ჭებერლოური და ნაწილობრივ ქისტური (ქართული ენის ძლიერი გავლენის გამო) დიალექტები.
ლიტერატურული ჩეჩნური ენა ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში ბარის დიალექტის საფუძველზე. დამწერლობა ჩეჩნურ ენაზე 1925 წლამდე არაბულის, 1925-1938 წწ. ლათინურის, 1938 წლიდან კი რუსული გრაფიკის საფუძველზე არსებობდა. ახალი ჩეჩნური ანბანი მიღებულ იქნა 1922 წ. ლათინურის საფუძველზე. დღეისათვის გამოიყენება კირილიცა.
ჩეჩნური ენა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა.

 


ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა

მიღების თარიღი: 2004 წლის 22 ივნისი, ოფიციალურად დამტკიცდა 2008 წლის 15 მაისს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშას აქვს მართკუთხა ფორმა, რომელსაც გასდევს სამი ჰორიზონტალური ზოლი:
ზედა - მწვანე ფერის, შუა - თეთრი ფერის და ქვედა წითელი ფერის; დროშის ტარს გასდევს ვერტიკალური თეთრი ზოლი ჩეჩნური ეროვნული ორნამენტით. დროშის მთელი კონტური ოქროსფერი ფოჩის ჩარჩოშია მოქცეული.

ჩეჩნეთის რსპუბლიკის გერბი

               მიღების თარიღი: 2004 წლის 22 ივნისი.

გერბის კომპოზიციას საფუძვლად უდევს თანამედროვე სამყაროში ჩეჩენი ხალხის ადგილისა და ეროვნული მენტალიტეტის შესაბამისი ხატოვანი სტილიზებული გადაწყვეტა. კომპოზიციის ხაზობრივ-გრაფიკული აგებულება შესრულებულია წრის საფუძველზე, ორგანზომილებიან სიბრტყეში. ფერადოვნება ეფუძნება ოთხ ფერს: წითელს, ყვითელს, ცისფერს და ნეიტრალურ თეთრს. თეთრი წრის ცენტრალურ ნაწილში წითელი ფერის ჩეჩნური ეროვნული ორნამენტის სახით გამოსახულია ერთიანობისა და მარადიულობის სიმბოლო. სტილიზებული მთები, ვაინახების ისტორიული კოშკი და ნავთობის ანძა გაფერადებულია ცისფრად. კომპოზიციური გადაწყვეტაა კვადრატი წრეში. ცისფერ ფონზე, შიდა წრეზე სიმეტრიულად გარშემოვლებული ხორბლის ყვითელი თავთავები ჩეჩენი ხალხის სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს. თავთავების ზემო ნაწილს ცისფერ ფონზე ყვითლად გამოსახული ნახევარმთვარე და ვარსკვლავი აგვირგვინებს. გარე დამამთავრებელ წრეზე ყვითელ ფონზე გამოსახულია ჩეჩნური ეროვნული სტილის წითელი ორნამენტი. გერბის გარე კანტი ცისფერია.

 

 

ტერიტორიის ფართობი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობია 15 000 კვ.კმ.

საზღვრები

ესაზღვრება ინგუშეთს, ჩრდილოეთ ოსეთს, სტავროპოლის მხარეს, დაღესტანს და საქართველოს.

 

მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული სიტუაცია

რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენს 1 210 000 კაცს (2008). მოსახლეობის სიმჭიდროვე - 75 კაცი/კვ.კმ-ზე (2008), ქალაქის მოსახლეობის წილი - 35,0% (2008).

ჩეჩნები           95,5%
რუსები             3,0%
კუმიკები           0,8%
სხვა                  0,7%

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რაიონები:
ნაურის რაიონი
შელკოვსკის რაიონი
ნადტერეჩის რაიონი
გროზნოს რაიონი
გუდერმესის რაიონი
სუნჯიი რაიონი
აჩხოი-მარტანის რაიონი
ურუს-მარტანის რაიონი
შალის რაიონი
ყურჩალოს რაიონი
იტუმ-კალეს რაიონი
შატოის რაიონი
ვედენის რაიონი
ნოჟაი-იურტის რაიონი
შაროს რაიონი

ქალაქები:
გროზნო
ურუს-მარტანი
შალი
გუდერმესი
არღუნი

 back

რელიგია
ჩეჩნეთში გავრცელებულია ისლამის სუნიტური მიმდინარეობა.
ისლამის დამკვიდრებას ჩეჩნეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ისლამი ჩეჩნეთში XV საუკუნეში ვრცელდება. მთიელთა თემებში ისლამი ნელა აღწევდა: პირველ პერიოდში ახალი რელიგია დიდხანს ასიმილირდებოდა ადგილობრივ წარმართულ ტრადიციებთან. წარმართული ღმერთების რთულ (მრავალფეროვან) პანთეონში იყვნენ ყველას მიერ აღიარებული დელა, ტუშოლი, მიატცილი, სიელი, ერდი, მოლიზ-ერდი. გარდა ამისა, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები თაყვანს სცემდნენ თავიანთ ღმერთებს. საკუთარი მფარველი ღმერთები ჰყავდა ცალკეულ სოფლებს და ზოგიერთ ოჯახსაც კი. VIII საუკუნის დასაწყისიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობა, რომელიც შედარებით მყარად იკიდებს ფეხს არღუნის ხეობაში (აქ შემონახულია ტაძრების ნანგრევები, ნაპოვნია მართლმადიდებლური კულტის საგნების ნაშთები). ამ პერიოდში მჭიდროა ქართულ-ჩეჩნური კავშირები, მაგრამ ქრისტიანული რელიგია ვაინახთა შორის ღრმად ვერ დამკვიდრდა, რადგან ისინი ხშირად კვლავ თავიანთ წარმართულ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.
XV საუკუნიდან იწყება ისლამის გავრცელება. XV-XVI საუკუნეებში ჩეჩნების უმრავლესობა უკვე მუსლიმი იყო, რასაც იმ დროის სამარხები მოწმობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ჩვენამდე მოღწეული პირველი მუსლიმური ძეგლი - ნაზრანის რაიონის სოფ. პლიევოს ბორგა-კაშის მავზოლეუმი - 1405-1406 წწ.-ით თარიღდება.
ისლამის დამკვიდრება ხელს უწყობდა ჩეჩნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ყირიმის სახანოს, ოსმალეთის და სპარსეთის მოსახლეობასთან. თქმულებებმა დღემდე შემოინახეს ისლამის პირველი ჩეჩენი მქადაგებლების სახელები: თერმოლა, ბატა, ბერსა.
ჩეჩნეთში ისლამის საბოლოო გამტკიცება დაკავშირებულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის პირველი ლიდერი, რომელმაც "ღაზავათას" დროშა ააფრიალა, იყო მწყემსი უშურმა, ალდის აულიდან (მოგვიანებით აქ აიგო ციხე-სიმაგრე გროზნო). უშურმა ისტორიაში შეიხ მანსურის (გამარჯვებულის) სახელით შევიდა. მანსურის რელიგიურ-პოლიტიკურ პროგრამას - ჩრდილო კავკასიის ხალხთა ერთიანი ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, მხარი დაუჭირეს ჩეჩნეთის სასულიერო პირებმა. 1834 წელს შამილმა შეიხ მანსურის იდეის რეალიზება მოახდინა, მან მთიელები, არამუსულმანებთან რელიგიური ომის დროშის ქვეშ, ნიკოლოზის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. ამგვარად, ისლამი ჩეჩენი ხალხის გამაერთიანებელ რელიგიად იქცა.
XX საუკუნის 90-იან წლებში ჩეჩნეთში ვაჰაბიზმის იდეების გავრცელება დაიწყო.

back 



ისტორია
ჩეჩნები (თავიანთ თავს "ნოხჩებს" უწოდებენ), ვაინახ ხალხთა წარმომადგენლები, ჩრდილოეთ კავკასიის ძირძველი მოსახლეობაა.
ჩეჩნეთის ტერიტორია დასახლებულია უძველესი დროიდან, რასაც მოწმობენ არქაული პერიოდის ქვის იარაღები, რომლებიც შუა პალეოლითის ხანის დასაწყისს მიეკუთვნება (40 ათასზე მეტი წლის წინანდელი). ამასთან, ქვის ხანის ადამიანთა კვალი აღმოჩენილია ინგუშეთის და ჩეჩნეთის როგორც ბარში, ისე მთიან ნაწილში.
ჩეჩნებს მთელი ისტორიის მანძილზე უხდებოდათ გარეშე მტრებთან ბრძოლა თავიანთი დამოუკიდებლობის დასაცავად. წერილობით ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია მომთაბარეთა ყველაზე ადრეული შემოჭრა ჩრდილო კავკასიაში, ესაა სკიფების შემოსევა და მათი ლაშქრობა, კავკასიის გავლით წინა აზიაში (VII ს. ჩვ. წ-აღმდე). გამანადგურებელ ხასიათს ატარებდა შემოსევები ჩრდილოეთ სტეპებიდან მომთაბარე ტომებისა, რომლებიც ხშირად ახერხებდნენ კავკასიის დაბლობების დაპყრობას და ადგილობრივი მოსახლეობის მთებში განდევნას.
ადრეული შუასაუკუნეების ეპოქაში (IV-XII სს.) ჩეჩნებს მოუხდათ რომის, სასანიდური ირანის, არაბთა ხალიფატისა და ხაზართა ექსპანსიის მოგერიება.
ჩრდილოეთ კავკასიაში XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი ხასიათდება საქართველოს სამეფოს პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით, რომელიც ამ პერიოდში თავისი ძლევამოსილების მწვერვალზე იმყოფებოდა. გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ქრისტიანული რელიგია, რომელსაც ქართველი მისიონერები ავრცელებდნენ - შენდებოდა ეკლესიები და მონასტრები, სადაც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ქართული ენის, დამწერლობის და კულტურის გავრცელების ცენტრები იყო.
XII-XIV სს. ჩეჩნები, თათარ-მონღოლთა შემოსევის გამო, იძულებულნი გახდნენ მთებში გახიზნულიყვნენ. თემურ-ლენგის შემოსევის შედეგად ვაინახებმა უდიდესი ფიზიკური, მატერიალური და კულტურული დანაკარგი განიცადეს. კიდევ ერთხელ გაწყდა დროისა და კულტურის ისტორიული კავშირი. ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ ჩეჩნები მთებიდან თანდათან ეშვებიან და ხელახლა იწყებენ ჩეჩნეთის დაბლობის - თერგი-სუნჯის დაბლობის ათვისებას.
XVI-XVII სს. კავკასია მუდმივად იყო ოსმალთა იმპერიის (ვასალით-ყირიმის სახანოთი), ირანის და რუსეთის ინტერესის ობიექტი. ამ სახელმწიფოთა შორის ბრძოლების პერიოდში ჩეჩნეთის მიწაზე შენდება პირველი რუსული ციხე-სიმაგრეები და კაზაკთა ქალაქები. რუსეთის მეფეები, აქტიურად აფართოებდნენ რა თავიანთ სამფლობელოებს, საკუთარი მიზნებისათვის მოხერხებულად იყენებდნენ გასამხედროებულ კაზაკთა თემებს. ამიტომ, იქ სადაც კაზაკები გამოჩნდებოდნენ, დროთა განმავლობაში მათ მიჰყვებოდნენ მეფის ჯარები და ჩინოვნიკები, აშენებდნენ საყრდენ პუნქტებს და იწყებდნენ მიწების ყოველმხრივ ათვისებას, რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოსთვის. XVI საუკუნის შუა ნახევრიდან თერგში როცა დაიწყეს დამკვიდრება კაზაკთა ცალკეულმა ჯგუფებმა. ძირითადად, სახლდებოდნენ მდ. სუნჯის შესართავის მიდამოებში, სადაც 1567 წელს, აღმართეს პირველი სამეფო ციხე-სიმაგრე მუდმივი გარნიზონითა და არტილერიით.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის პოლიტიკა, მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში და ნაწილობრივ ჩეჩნეთშიც, მკვეთრად გამოხატული კოლონიალური ექსპანსიის ხასიათს იძენს. განსაკუთრებით მწვავდება ურთიერთობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1770 წელს ჩეჩნეთზე განხორციელდა სამი ლაშქრობა, რაც მიზნად ისახავდა მათ მიყვანას "საქვეშევრდომო მორჩილებამდე". ამ დროიდან იწყება კავკასიელ მთიელთა მრავალწლიანი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
1785 წელს შეიხ მანსურის (უშურმის) ხელმძღვანელობით იფეთქა აჯანყებამ, რომელიც დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდოს და შავი ზღვისპირეთის ჩერქეზების ტერიტორიაზე გავრცელდა. ღაზავათის (წმიდათაწმიდა ბრძოლა სამშობლოს განთავისუფლებისათვის) ლოზუნგის ქვეშ, შეიხ მანსური აჯანყებულებს რუსი კოლონიზატორებისაგან და ადგილობრივი ფეოდალებისაგან გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. 1789 წელს მანსურის მოძრაობა ჩახშობილ იქნა რუსეთის არმიის მიერ. 1791 წელს ტყვედ აიყვანეს თავად შეიხ მანსური, რომელიც შლისელბურგის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა.
ანტირუსული მღელვარება კიდევ უფრო გაძლიერდა, 1816 წელს, როდესაც კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა გენერალი ე. პ. ერმოლოვი. სადამსჯელო ოპერაციებმა და აულების განადგურებამ, კავკასიის ომი ახალ ეტაპზე გადაიყვანა: XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, ღაზავათისა და შარიათის (მუსულმანური რელიგიური სამართალი) შემოღების ლოზუნგებით, დაღესტანში დაიწყო მოძრაობა, რომელმაც თანდათანობით მთიანი ჩეჩნეთიც მოიცვა. 1834 წლიდან შარიათის მოძრაობის ხელმძღვანელად - იმამად (საერო და სასულიერო მმართველად) ავარიელი შამილი იქცა. მან ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე შექმნა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - იმამატი.
ჩეჩენთა მასობრივი მონაწილეობა შამილის მოძრაობაში დაიწყო 1839-1840 წლების ზამთრიდან, როდესაც რუსეთის ჯარები ცდილობდნენ ჩეჩნეთის მოსახლეობის განიარაღებას. იმამ შამილის ბრძოლა დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა და 1859 წელს ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. შემდგომი ბრძოლები ლოკალური გამოსვლებით ხასიათდება (აჯანყებები 1860-1861 წწ., 1864 წ., შემდეგ - 1877-1878 წწ.).
1860 წელს, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით, ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა თერგის ოლქი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ჩეჩნეთის, იჩქერიის, ინგუშეთის და მთიელთა ოლქები.
კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864 წ.), ასეულობით ათასმა მთიელმა, რომლებიც არ შეურიგდნენ რუსთა ბატონობას, სამშობლო დატოვა და ოსმალთა იმპერიაში გადასახლდა. გადასახლებულთა შორის 20 ათასი ვაინახი იყო.
1920 წლის მარტში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თერგის ოლქი დაიშალა, ხოლო ჩეჩნეთის (გაერთიანებული იჩქერიასთან) და ინგუშეთის (გაერთიანებული მთიელებთან) ოლქები დამოუკიდებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებად ჩამოყალიბდნენ.
ერთი წლის შემდეგ, 1921 წლის 20 იანვარს, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, ყაბარდო-ბალყარეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდნენ ხელახლა შექმნილ მთიელთა ასსრ-ში.
1922 წლის 30 ნოემბერს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი გამოეყო მთიელთა ასსრ-ს, ხოლო 1924 წლის 7 ნოემბერს მოხდა თავად მთიელთა ასსრ-ის ლიკვიდაცია.
1934 წელს შეიქმნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, 1936 წლიდან - ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
1944 წლის 23 თებერვალს გერმანელი ოკუპანტებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით, განხორციელდა ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი დეპორტაცია, ძირითადად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. შედეგად დარჩა ასობით დახვრეტილი და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, ნაცარ-ტუტად ქცეული აულები და სოფლები. ლიკვიდირებულ იქნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ და მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი ახალი საზღვრებით.
1957 წელს გამოცხადდა ჩეჩენი და ინგუში ხალხის რეაბილიტაცია და მათი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ. თუმცა, გადასახლებულთა უმრავლესობამ ვერ შეძლო დაბრუნება უწინდელ საცხოვრებელ ადგილებზე: ჩეჩნეთის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა, იძულების წესით, დაასახლეს ან კაზაკთა სტანიცებში, ან ბარის ძველ და ახლადშექმნილ სოფლებში.
1991 წლის სექტემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო-ნაციონალურმა კონგრესმა გამოაცხადა იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობა. 1992 წ. მიიღეს ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და შემოიღეს პრეზიდენტის პოსტი (პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი (1991-1996)). აღნიშნული აქტები არ სცნო რუსეთის ფედერაციამ.
1994 წ. დეკემბერი არის დასაწყისი ჩეჩნეთის პირველი ომისა, რომლის მიმდინარეობის პერიოდში რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას. 1996 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა ხასავიურტის ხელშეკრულებას _ იჩქერიის ტერიტორიიდან ფედერალური ჯარები გაიყვანეს და აღდგა დე-ფაქტო დამოუკიდებლობა.
1997 წელს იჩქერიის პრეზიდენტად არჩეული იქნა ასლან მასხადოვი.
1999-2000 წწ. - ბასაევის და ხატაბის მებრძოლთა რაზმების დაღესტანში შეჭრის შემდეგ, იწყება ჩეჩნეთის მეორე ომი. ფედერალურმა ძალებმა კვლავ აღადგინეს კონტროლი ჩეჩნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე და რესპუბლიკის მეთაურად დანიშნეს ახმად კადიროვი.
2004 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ალუ ალხანოვი, ხოლო 2007 წელს - ახმად კადიროვის ვაჟი, რამზან კადიროვი.

back 

 

 

კულტურა
არქიტექტურული ძეგლები

                                    არღუნის ნაკრძალი (სოფ. შარო)

არქიტექტურული ძეგლები წარმოდგენილია მსხვილი მასიური ნაგებობებით - კოშკებით, აკლდამებით, ციხე-დარბაზებით, ტაძრებით. XVI_XVIII საუკუნეებში, აყვავებას მიაღწია, განსაკუთრებით დასავლეთ რაიონებში, ქვის ნაგებობების სამშენებლო ხელოვნებამ. კოშკები მიჩნეულია ჩეჩენთა ხუროთმოძღვრების უდიდეს მიღწევად. არსებობდა ქვისგან ნაშენი კოშკის სამი ნაირსახეობა: საცხოვრებელი, საგუშაგო და საბრძოლო. საბრძოლო კოშკების ცალკეული ნიმუშები ("ბოვ", "ვოუ") 25-30 მ. სიმაღლეს აღწევდა, რთულ ნაგებობას წარმოადგენდა რამდენიმე სართულიანი მასიური საცხოვრებელი კოშკები ("გალა"). მათი უმრავლესობა მდებარეობს არღუნის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული და ბუნებრივი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე (150-ზე მეტი კოშკი), აქვეა განლაგებული დაახლოებით 20 საკულტო ნაგებობა (ნახევრად მიწისქვეშა და მიწისზედა) და 150-ზე მეტი აკლდამა. მკვლევარები ამ ნაგებობებს ჩვენი წელთაღრიცხვის X- XV საუკუნეებით ათარიღებენ. ნაკრძალის ბევრი არქიტექტურული კომპლექსი - მაგ. ხოისის, ხიმოისის, პაკოჩის, მაისტინის, ცეკალოს - წარმოადგენს გვიანი შუასაუკუნეების დასასრულის მთიელთა აკლდამის ტიპის საცხოვრებელს. ასევე, უნიკალურია უშკალოს კოშკი როგორც არქიტექტურული ღირებულებებით, ასევე თავისი ადგილმდებარეობით.
ჯერ კიდევ ასი წლის წინ, არღუნის ხეობას კოშკების ხეობას უწოდებდნენ. ისინი განლაგებული იყო ისე, რომ ყოველი კოშკის ძირიდან შესაძლებელი იყო კოცონის დანახვა მომდევნო კოშკის სარკმელში ან სათოფურში. ძველად ჩეჩნები ამ ხერხით ერთმანეთს გადასცემდნენ სიგნალს ომის საშიშროებისა და მტრის მოახლოების შესახებ. ასეული წლების მანძილზე არღუნის ხეობაში არსებულმა კოშკები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ჯერ კიდევ ჩინგისხანის ჟამთააღმწერლები წერდნენ ქვის კოშკებში მცხოვრებ ხალხთან ბრძოლისა და ამ კოშკების განადგურების შესახებ.

დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება

იარაღის წარმოება: იწარმოებოდა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი _ თოფები, პისტოლეტები, ხმლები, ხანჯლები, აბჯრები, ფარები და ა.შ. ზოგირთი მათგანი ("ტერსმაიმალი", "გურდა" და სხვა) განთქმულია მთელს კავკასიაში. ცალკეული დასახლებები (ათაგი, დარგო, გაჯი-აული) განთქმული იყო იარაღის წარმოებით. აქ დამზადებული იარაღი ვრცელდებოდა მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში;
მეთუნუქეობა: სოფლებში (შალი, დუბა-იურტი, ძველი-იურტი, ახალი-იურტი და სხვ.) თუნუქის ნაკეთობებს ყველაზე ხშირად გეომეტრიული ან მცენარის ორნამენტებით აფორმებდნენ;
თექა-მაუდის წარმოება: ჩეჩნური ხალიჩები ჩვეულებრივ მრავალფეროვანი ორნამენტით, ცისფერი და წითელი ფოჩით გამოირჩევა. ჩრდილოეთ კავკასიაში განთქმული იყო ჩეჩნური ნაბდები - მსუბუქი, თხელი და თბილი. ჩეჩნები განთქმული იყვნენ როგორც ტყავის ნაკეთობათა უბადლო ოსტატები.
საიუველირო ხელოვნება: ჩეჩნური საიუველირო სამკაულები - სამაჯურები, მძივები, გრეხილი რგოლები, ბეჭდები, საყურეები, ძველად ბრინჯაოსაგან მზადდებოდა. მოგვიანებით, ბრინჯაოს სამკაულებს დაემატა ვერცხლის სამკაულები. განსხვავებული იყო აქ წარმოებული ვერცხლის ღილები და ქამრები, რომლებიც ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა და მემკვიდრეობით გადაეცემოდა;
ხის დამუშავება: ჩეჩენი ოსტატები განთქმულნი იყვნენ ხეზე კვეთით. ხის ჭურჭელს ჩარხავდნენ სახარატე დაზგაზე, რომელიც მოძრაობაში მოჰყავდა მთის მდინარეებს. ჭურჭლის დასამზადებლად ხის ყველაზე გამძლე ჯიშებს - მუხასა და ნეკერჩხალს იყენებდნენ.

ეროვნული ფოლკლორი
ჩეჩნურ მუსიკალურ ფოლკლორში არის რამდენიმე ჟანრი: სიმღერა, საცეკვაო მუსიკა და ე.წ. "მოსასმენი მუსიკა". ხალხური სიმღერები სრულდებოდა წამღერებით ან თხრობით. ხშირად ეს იყო სიმღერა-დიალოგები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩეჩენთა გმირულ-ეპიკური (ჩეჩნ. "илли " სიმღერები), ამ სიმღერებში ჩეჩნები გამოხატავდნენ თავიანთ ესთეტიკურ და ეთიკურ პრინციპებს, რომლებიც დაფუძნებული იყო ისტორიულ გამოცდილებაზე, ტრადიციულ მორალურ ღირებულებებზე. ყველა "илли"-ის მთავარი გმირი ყოველთვის არის "კანტი" (ჩეჩნ. "къант") გმირი, რაინდი - სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის მაგალითი.
უნდა აღინიშნოს, რომ ძნელად შესრულებადმა ჰეროიკულ-ეპიკურმა სიმღერებმა წარმოშვა პროფესიონალი მომღერალ-შემსრულებლები (ჩეჩნ. "илланчи"), რომლებიც ამ სიმღერების შესრულებით ირჩენდნენ თავს და ტექსტებს მამიდან შვილზე გადასცემდნენ. ასევე, იყვნენ ე.წ "პონდარჩები" (ჩეჩნ. "пондарчи"), რომლებიც დახელოვნებული იყვნენ საცეკვაო, ლირიული მელოდიების (ჩეჩნ. "ладуг йиш") და სახუმარო სიმღერების (ჩეჩნ. "забарен йиш") შესრულებაში.
საყურადღებოა, ჩეჩენთა საწესჩვეულებო ფოლკლორი, რომელიც თავისი დანიშნულებით და ფუნქციით ხალხური შემოქმედების ნაწარმოებთა ორ დიდ ჯგუფს წარმოადგენს: ჟანრები, რომლებიც კალენდარულ წეს-ჩვეულებებს ემსახურებოდა და ჟანრები, რომლებიც განეკუთვნებოდა ყოფით-ოჯახურ წეს-ჩვეულებებს და დღესასწაულებს. ცალკე ჟანრად შეიძლება გამოიყოს, უდიდესი ემოციურობისა და მხატვრული სიძლიერის ლირიული სიმღერები (ჩეჩნ. "йиш").
ჩეჩნურ ცეკვას აქვს დრამატურგიული კვანძი და სიუჟეტი. ეს შეიძლება იყოს უძველესი ლეგენდაც, და რაიმე ხალხური ჩვეულებაც. ჩეჩენთა ყველაზე პოპულარული ცეკვაა - ლეზგინკა. ყოველ აულს ლეზგინკის თავისებური ვერსია გააჩნია. შიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლეზგინკა არის ერთადერთი ცეკვა, რომელიც არ იწყება სიმღერით.

მუსიკალური ინსტრუმენტები: ორსიმიანი ფანდური ("1ад хьокх пондур") - ჩეჩნების ყველაზე გავრცელებული და საყვარელი ინსტრუმენტია, მთის სამსიმიანი ფანდური ("дечиг пондар"), სალამური, ზურნა, დოლი, დუდუკი, დაირა. ყველაზე ძველი ხემიანი ინსტრუმენტი მზადდებოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბეჭისაგან; 2-4 სიმი შედგებოდა ცხენის ძუის ან კარგად გამომშრალი ძარღვისაგან. ძველად, ფანდურებს აკეთებდნენ დეკორატიული გოგრისგანაც, გარმონს _ ხისგან.
ყველა ინსტრუმენტს თავისი დანიშნულება ჰქონდა. მაგ. სალამურზე უკრავდნენ ზაფხულის ბუნიაობის დღეს, ჩეჩენი გმირის ფხარმატის პატივსაცემად, რომელმაც ადამიანებს ცეცხლი მოუტანა.

ჩეჩნების ტრადიციული ტანსაცმელი
მამაკაცის სამოსი: მამაკაცის ტანსაცმლის მთავარი ელემენტებია შარვალი და ბეშმეთი (წელსქვემოთ გაფართოებული მოკლე ხიფთანი), ხოლო მათ ზემოდან - ჩოხა, რომელსაც არამარტო სილამაზის და სითბოსთვის ატარებდნენ, არამედ მფლობელისთვის იგი თავისებურ "იარაღის საწყობს" წარმოადგენდა. ჩოხას მკერდის ორივე მხარეს ემოსა სირმები - პატარა ჯიბეები, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებს ინახავდნენ. ჩოხას ატარებდნენ შეკრულს და წვრილი ქამრით გარშემორტყმულს, რომელზეც ხანჯალი, ზოგჯერ ხმალი ან პისტოლეტი ეკიდა.
ასევე, ჩეჩნებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელია ნაბადი (ვიწრომხრებიანი და ბოლოგანიერი მოსასხამი). ნაბადი - იდეალური ტანსაცმელი იყო მხედრისათვის, რომელიც უამინდობისაგან იცავდა, ხოლო მინდორში ღამისთევის დროს - საგებელის და საბნის როლს ასრულებდა. ჩეჩენთა თავსაბურავი იყო ფაფახისებურად გამოჭრილი ცხვრის ტყავის ქუდი. კავკასიაში თავსაბურავი ვაჟკაცობის სიმბოლო იყო. კავკასიელს მოხადო ქუდი - მომაკვდინებელი შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავდა. მგზავრობისას ფაფახთან ერთად ყაბალახსაც იხურავდნენ. ჩეჩენ მამაკაცთა ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია მუქი ფერთა გამა. ყაბალახები და ბეშმეთი კონტრასტული ფერების იყო. მდიდრები ატარებდნენ თეთრ ნაბდებს, ჩოხებს და ფაფახებს.
მამაკაცის ტანსაცმელი მოხერხებული იყო ჩეჩნური ცხოვრების წესისათვის, ერთის მხრივ, იძლეოდა მსუბუქად და უხმაუროდ გდადადგილების საშუალებას, არ იწვევდა უხერხულობას ცხენზე ჯდომის დროს, ხოლო მეორეს მხრივ, სამოსი ხაზს უსვამდა ვაჟკაცურობას და მოხდენილობას.

ქალის სამოსი: ჩეჩენი ქალის კოსტიუმი - ეს არის თავისებური "სამეული" - ბლუზა-ტუნიკი, შარვალი და შემოსაცმელი კაბა. ბლუზა-ტუნიკს კერავდნენ ბამბის ან აბრეშუმისგან, იგი აღწევდა კოჭებამდე, ჰქონდა მაღალი საყელო და იმენად გრძელი სახელო, რომ ხელის მტევანს ფარავდა. ტუნიკის ქვეშ ეცვათ ბოლოში შეკრული ფართო შარვალი. სადღესასწაულო შარვალს ბოლოზე შემოვლებული ჰქონდა აბრეშუმი. ტუნიკის ზემოდან ეცვათ მკერდზე გახსნილი და წელთან შეკრული კაბა. საზეიმო კაბები ხავერდის ან სქელი აბრეშუმისაგან იკერებოდა. ტუნიკის გარეთ, კაბის ქვეშ, ატარებდნენ ვიწროსახელოებიან ტანზე მომდგარ კოფტას, რომელიც მოქარგული იყო ოქრომკედით.
ქალის ტანსაცმლის ძირითადი ძვირფასი დეტალი იყო - ქამარი. მას იკეთებდნენ კაბაზე. ქამარი შეიძლება ყოფილიყო ტყავის ან ნაჭრის, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვერცხლის დიდი აბზინდით და ბალთით. ყველაზე ლამაზი და ძვირფასი იყო ვერცხლის ქამრები. ზოგჯერ მეტი სილამაზისათვის მოოქროვილ ვერცხლს იყენებდნენ. ქამარი საგვარეულო განძად ითვლებოდა და შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცემოდა ქალის ხაზით. გოგონები მას ქორწილის წინ ღებულობდნენ საჩუქრად.
ქალის ჩეჩნური კოსტიუმის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ეგრეთწოდებული "სამკერდეები", მას ამზადებდნენ ისევე, როგორც ქამრებს "ინდივიდუალური შეკვეთით". ყველაფერი დამოკიდებული იყო ფანტაზიაზე და ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზე: შესაკრავები (საკინძეები) შეიძლება ყოფილიყო მოოქროვილი, ფირუზის ან უბრალო შუშის - გრავირებით ან ფილიგრანული. ჩეჩენი ქალის თავსაბურავი - თავსაფარია. გათხოვილ ქალს თავზე ეკეთა "ჩუხტი" - ტომრისებური თავსაბურავი, რამელშიც მოთავსებული იყო ნაწნავი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფერს, რომელიც მაჩვენებელი იყო ასაკისა და ოჯახის სოციალური მდგომარეობისა.

ჩეჩენთა ტუკხუმები და ტაიპები

ათასწლეუბის განმავლობაში მთელს მაღალმთიან კავკასიაში ყალიბდებოდა მთის ავტონომიური გაერთიანებები, რომელთა შორის კავშირები ხშირად მინიმალური იყო. ჩეჩენთა გაერთიანებების განმასხვავებელი ნიშანი იყო მათი დიფერენცირება რეგიონალური (ტუკხუმები) და გვაროვნულ- კლანური პრინციპით (ტაიპები).

ჩეჩენთა ტაიპი - ესაა მამის ხაზით სისხლით ნათესავების ერთობა. სიტყვა "ტეიპი" წარმოსდგება არაბული სიტყვისაგან - "ტეიფა" და ნიშნავს "სახეობას, გვარს". ყოველ ტაიპს ჰქონდა საკუთარი მიწები და მთა (რომლის დასახელებიდან ხშირად თავად ტაიპის დასახელება წარმოსდგებოდა). თითოეული ტაიპის შტოს ანუ პატრონომიული ერთეულის აღმნიშვნელი სახელწოდებები იყო "გარ"-ი და "ნეკი".
ტაიპი - გამოიყოფა როგორც ერთიანი წარმონაქმნი, თავისი ადათებით. ტაიპის წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია მის სიძველეზე: ყველაზე ძველ, უფრო პატივსაცემ ტაიპებში, მუდმივი მიგრაციული პროცესების პირობებში, ნათესაობის საფეხური მეტ-ნაკლებად ფორმალურია. შედარებით ახალი ტაიპები უმეტეს შემთხვევაში თანასოფლელი ნათესავებისაგან შედგება.
ჩეჩენთა სატაიპო ნომენკლატურაში არსებობს ტერიტორიულ კუთვნილებაზე დაფუძნებული სახელწოდებები. მაგ. ხარაჩოის ("Харачой" - "მღვიმე"), ხაჩაროს ("Хьачарой" - "ქლიავის ველი"), შაროს ("მყინვარი"). არის ტაიპები, რომელთა სახელწოდებები წარმოქმნილია ხელობიდან. მაგ. პეშხა ("მეღუმელეები"), დეშნი ("ოქრომჭედლები"), ხოი ("ჩაფრები").
არსებობს პირობითი დაყოფა "წმინდა" და "შერეულ" ტაიპებად. "წმინდა" ტაიპების პრეტენდენტები არიან ძველთაძველი ჩეჩნების ტაიპები, "ნოხჩმაკხებად" წოდებულნი, რომლებიც ნაშხოს მთის მახლობელ რაიონებში სახლობდნენ, შემდეგ კი მთელს ჩეჩნეთში განსახლდნენ (ბენის, ცენტორის, ყურჩალის და სხვ.).
გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად ჩეჩენთა ტაიპების რიცხვი დაახლოებით 20 იყო, მაგრამ ძველი გვარების გაყოფისა და ჩეჩენურ ეთნოსში ახალი საგვარეულო ჯგუფების გაერთიანების შედეგად მათი რაოდენობა გაიზარდა. XIX საუკუნის შუა პერიოდში ჩეჩნური გაერთიანება 135 ტაიპისაგან შედგებოდა. ტაიპთა ორგანიზაციები და კავშირები დღესაც უდიდეს როლს თამაშობენ ჩეჩნეთის საზოგადოებაში. სოფლებში და აულებში არსებობს მთელი კვარტლები და ქუჩები, რომლებიც ძველთაგანვე რომელიმე ტაიპით არის წარმოდგენილი და მის სახელწოდებას ატარებს. დიდი ტაიპები ჩეჩნეთის მთელს ტერიტორიაზეა გაბნეული.

ჩეჩენთა ტუკხუმები - ტაიპთა სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება. ტუკხუმი არ იყო დაფუძნებული სისხლისმიერ ნათესაობაზე. ტუკხუმი იკავებდა გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც შედგებოდა ფაქტიურად დასახლებული ადგილებისა და ასევე, შემოგარენი რაიონებისაგან, სადაც ტუკხუმში შემავალი ტაიპები ნადირობას, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ეწეოდნენ. ყოველი ტუკხუმი ვაინახური ენის განსაზღვრულ დიალექტზე ლაპარაკობდა. ტუკხუმს არ ჰყავდა ოფიციალური ხელმძღვანელი ან სამხედრო მეთაური. იგი იყო არა იმდენად მმართველობითი ორგანო, რამდენადაც სოციალური ორგანიზაცია.
ტუკხუმის სათათბირო ორგანო იყო უხუცესთა საბჭო, რომელიც შედგებოდა ამ ტუკხუმში შემავალი ყველა ტაიპის წარმომადგენელთაგან, თანასწორუფლებიანობის პრინციპით.
უხუცესთა საბჭოს მოწვევა ხდებოდა აუცილებლობის შემთხვევაში ტაიპთა შორის კამათისა და უთანხმოების დროს როგორც ცალკეულ ტაიპთა, ისე მთლიანად ტუკხუმის დასაცავად. უხუცესთა საბჭოს უფლება ჰქონდა გამოეცხადებინა ომი, დაემყარებინა მშვიდობა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები თავისი და სხვისი ელჩების საშუალებით.

ტრადიციები

"ნოხჩალა" - ჩეჩნური ხასიათი
ეს სიტყვა არ ითარგმნება. "ნოხჩო" ნიშნავს - ჩეჩენს. ცნება "ნოხჩალა" - ესაა ერთ სიტყვაში მოქცეული ჩეჩნური ხასიათის ყველა თავისებურება. იგი მოიცავს ჩეჩენის ცხოვრების მორალურ, ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ესაა - ჩეჩნური "ღირსების კოდექსი", რომელიც უძველესი ისტორიიდან იღებს სათავეს.
"ნოხჩალა" - არის ადამიანებთან თანასწორი ურთიერთობის დამყარების უნარი საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების გარეშე. აუცილებელია განსაკუთრებული ზრდილობისა და თავაზიანობის გამოჩენა, რომ არ შეილახოს არავის თავმოყვარეობა. მაგ. ცხენზე მჯდომი აუცილებლად პირველი უნდა მიესალმოს ქვეითს, ხოლო თუ ქვეითი მხედარზე უფროსია, მხედარი აუცილებლად უნდა ჩამოქვეითდეს ცხენიდან.
"ნოხჩალა" - ეს არის მეგობრობა, წმიდათაწმიდა ცნება მთიელისათვის.
"ნოხჩალა" - ეს არის ქალის განსაკუთრებული პატივისცემა.
"ნოხჩალა" - ეს არის ყოველგვარი ძალადობის მიუღებლობა. ჩეჩენი, ბავშვობის ასაკიდან, დამცველად, მეომრად იზრდებოდა. დღემდე შემორჩენილია უძველესი ჩეჩნური მისალმებაა - "მოდი თავისუფალი", შინაგანი თავისუფლება და მისი დაცვა - ესაა "ნოხჩალა".
"ნოხჩალა" ჩეჩენს ნებისმიერი ადამიანის პატივისცემას ავალდებულებს. ამასთან, მით მეტია პატივისცემა, რაც უფრო შორსაა ადამიანი გვარით, სარწმუნოებით ან წარმოშობით. ხალხში ამბობენ: წყენა, რომელიც შენ მუსლიმს მიაყენე, შეიძლება მოგეტევოს, რადგან შესაძლოა განკითხვის დღეს შეხვედეთ, მაგრამ არ მოგეტევება სხვა სარწმუნოების ადამიანისათვის მიყენებული წყენა, რადგან ასეთი შეხვედრა არასოდეს მოხდება.
"ნოხჩალა" - არ არის რეკომენდაციების კრებული. ეს არის ის, რასაც ჩეჩენი ნებაყოფლობით, გაცნობიერებულად აღიარებს. ამ ცნებაში - არის ფორმულა იმისა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჩეჩენი.

back

 

 



სპორტი
ჩეჩნეთში ფიზიკური აღზრდის სისტემა ოდითგანვე ვითარდებოდა. სპორტის მრავალი სახეობით დაკავებული იყვნენ მხოლოდ ბიჭები, რომლებსაც ზრდიდნენ მარჯვე, მოხერხებულ, ამტან პიროვნებებად. მათ ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მძიმე ცხოვრებისათვის, ამიტომ შვიდი წლის ასაკში აღსაზრდელად აბარებდნენ გამოცდილ პედაგოგთან, რომელიც ასწავლიდა - იარაღის ფლობას, ცხენზე ჯდომას, მშვილდის სროლას, საბრძოლო ხელოვნებას, ხეებზე და კლდეებზე ცოცვას, ცურვას, ფარიკაობას, ქვის ტყორცნას, სიმძიმეების აწევას, შენიღბვას და ა.შ. ასევე, დაჰყავდა მთებში რამდენიმედღიან ლაშქრობებში. ლაშქრობების დროს საკვები არ მიჰქონდათ და მას გზაში თავად მოიპოვებდნენ. ასწლეულების განმავლობაში ჩეჩნეთში ჩამოყალიბდა ტრადიციული სპორტის სახეობები: ჭიდაობა, ფარიკაობა, სროლა და სხვა.
დოღი - სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ჩეჩენის სახე გაიგივებულია მარჯვე და მამაც მხედართან. არსებობდა შეჯიბრის რამდენიმე სახეობა: "დოღი ქანცის გაწყვეტამდე" (მონაწილეობდნენ მხოლოდ უფროსი ასაკის გამოცდილი მხედრები), "დოღი გარდაცვლილი ჯიგიტის იარაღის, ცხენის, აღკაზმულობის და ტანსაცმლის პრიზზე", "დოღი დისტანციაზე", "დოღი გადასაფარებლისთვის" (მონაწილეობდა ორი გუნდი), "დოღი აბჯრისა და მუზარადისათვის" (მდევარს მოწინააღმდეგისთვის უნდა წაერთმია აბჯარი და მუზარადი და თავად ჩაეცვა, თუ ამას ვერ შეძლებდნენ აღნიშნულ ნივთებს ისროდნენ ხალხში, როგორც სუვენირებს).
თოკზე სიარული - ამ ხელოვნებას ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ. უფრო მეტად დახელოვნებული ოსტატები ბაგირზე გამოდიოდნენ სხვადასხვა რთული ნომრებით - წონასწორობის დამცავი საგნების გარეშე, მხრებზე რამდენიმე ადამიანით, ხმლებით, თვალახვეული ა.შ. მთიელი ჯამბაზების სპეციფიური ნომერი იყო _ ორივე ფეხით თასში მდგომი გადაადგილება ბაგირზე. ტიპიური კავკასიური ნომერი - ბაგირზე სიარული ფეხებზე ბასრი პირით მიკრული ხანჯლით. გამოსვლის წინ ჯამბაზები გრიმს იკეთებდნენ, ისინი რთულ აკრობატულ ნომრებს კლოუნადას უთავსებდნენ. დღეისათვის სწორედ გამამხიარულებელმა ელემენტებმა დააკნინა ამ ოსტატობის ავტორიტეტი და ჩეჩნეთში იგი მამაკაცებისათვის ნაკლებად ღირსეულ საქმიანობად აქცია.
სროლა - თიხის დოქისთვის სროლაში შეჯიბრი უძველესი დროიდან მოდის. სპორტის ეს სახეობა მოითხოვდა მხედრის განსაკუთრებულ სიმარჯვეს და მშვილდიდან სროლის დიდ ხელოვნებას. მოგვიანებით - ცეცხლსასროლი იარაღიდან. ძველად ამ სახეობაში უპირატესად დიდგვაროვანთა ოჯახის შვილები მონაწილეობდნენ.
ფარიკაობა - ჩეჩნური ფარიკაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩეჩნეთის ისტორიაში ცნობილია ცხენოსან მოფარიკავეთა შეხვედრები, რომელშიც ერთდროულად ასეულობით მხედარი მონაწილეობდა. ასეთი შეჯიბრებები ჩვეულებრივ იწყებოდა ორი გამოცდილი მხედრის დაპირისპირებით და მთავრდებოდა დღესასწაულზე მისულ მთიელებს შორის მასიური ბრძოლებით.

დღევანდელ ჩეჩნეთს წარმოადგენენ ისეთი პოპულარული და ცნობილი სპორტსმენები, როგორიცაა:

ალი არსანუკაევი - ორთაბრძოლა, ოქროს მედალი ჯიუ-ჯიტსუში "2006 წლის ევროპის საუკეთესო მოჭიდავე";
ახმედ მუსაევი - 2004 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში;
ანზორ აბასტოვი - ევროპის თასის გამარჯვებული (2002წ.) კიოკუშინკაი კარატეში;
ხავაჟი ხაციგოვი - 2002 წლის ევროპის ჩემპიონი კრივში;
ლეჩი კურბანოვი - კარატე კიოკუშინკაი, 2002წ. იაპონიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, მსოფლიო თასის პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2005წ.);
არტურ ბეტერბიევი - 2006წ. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი - 2008წ.
ისლამბეკ ალბიევი - ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავე, მრავალგზის პრიზიორი, ოლიმპიური ჩემპიონი;
ბუვაისარ საიტიევი - თავისუფალი ჭიდაობა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (ატლანტა, 1996წ. და ათონი, 2004წ). ექვსგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და სხვები.

back

განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru