Eng
ქარ Рус

რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ზოგადი ინფორმაცია
რელიგია
ისტორია
კულტურა
სპორტი

რესპუბლიკა ყარაჩაი -ჩერქეზეთი - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.


დედაქალაქი -
ქ. ჩერქესკი. ქალაქი განლაგებულია მდინარე ყუბანის მარჯვენა სანაპიროზე.

დაარსდა 1804 წ., კაზაკთა პოლკის მიერ, როგორც რუსული სამხედრო ობიექტი ყუბანის საზღვრისპირა ზოლზე, სადაც 1790 წ. რუსეთის ჯარებმა, გენერალ ი. გერმანის მეთაურობით, დაამარცხეს 40-ათასიანი ბატალ-ფაშას თურქული არმია. 1825 წლის შემოდგომაზე, სამხედრო გამაგრების ადგილზე, სტავროპოლის გუბერნიიდან ჩამოვიდა პირველი მოსახლეობა. ასე დაარსდა კაზაკების დასახლება ბატალფაშინსკაია - ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც დასახლებულ პუნქტს უწოდებენ არა გამარჯვებულის, არამედ დამარცხებულის სახელს.

1992 წლიდან - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის ცენტრია. 1931 წლიდან დასახლებულ პუნქტს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ბატალფაშინსკის სახელი. 1934 წელს ბატალფაშინსკის ნაცვლად ეწოდა სულიმოვი, რსფსრ-ს ჩრდილო კავკასიის სახკომის დ.ე. სულიმოვის (1890-1937) პატივსაცემად. 1937 წელს დ. სულიმოვის დახვრეტის შემდგომ, ქალაქს უწოდეს ეჟოვო-ჩერქესკი, შინაგან საქმეთა სახკომის ნ.ი. ეჟოვის (1895-1940) პატივსაცემად. 1939 წელს ნ. ეჟოვის დაპატიმრების შემდგომ, ქალაქს დარჩა მხოლოდ სახელის მეორე ნაწილი - ჩერქესკი.

1957 წლიდან ჩერქესკი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის ცენტრია, ხოლო 1991 წლიდან ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი.


ენა:
ყარაჩაი-ჩერქეზეთი - მრავალეროვნული რესპუბლიკაა, ძირითადი ენებია - ყარაჩაული, ჩერქეზული, აბაზური, ნაგიური და რუსული. ამ ენებზე მიმდინარეობს ტელე-რადიო მაუწყებლობა, გამოიცემა გაზეთები.

ყარაჩაი-ბალყარული ენა - ეკუთვნის თურქული ენების ჩრდილო-დასავლურ შტოს. წარმოადგენს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას. იგი არის ენა ყარაჩაელებისა და ბალყარებისა, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში.

ძირითადი დიალექტია ყარაჩაი-ბაკსანურ-ჩეგემური („ჩ“ დიალექტი) და ზემობალყარული („ც“ დიალექტი). ლიტერატურული ყარაჩაი-ბალყარული ენა დაარსდა კარაულ-ბაკსანურ-ჩეგემურ დიალექტებზე. დამწერლობა - 1920-24 წ.წ. არაბული დამწერლობის მიხედვით, 1924-36 წ.წ. ლათინურის, ხოლო 1936 წ. კირილიცას ალფავიტის მიხედვით.

ყაბარდოულ-ჩერქეზული ენა ( ყაბარდოელების და ჩერქეზების ენა) - ეკუთვნის კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. ზოგიერთი ლინგვისტი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზული და ადიღეური ენების დიალექტები ადიღეურ ენას განეკუთვნება. თვით ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები, თავიანთ ენას უწოდებენ „ადიგებე“, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს.

დამწერლობა 1924 წლამდე ეფუძნებოდა არაბულ ალფავიტს და კირილიცას, 1924-37 წ.წ. ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცას.


რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთის დროშა


დროშა წარმოადგენს სამი ჰორიზონტალური ზოლისგან შემდგარ ბაირაღს. ზედა - ღია ლურჯი, შუაში - მწვანე და ქვედა - წითელი ფერის. ბაირაღის ცენტრში ნათელი წრეა (ბეჭედი), რომელშიც ჩახატულია მთიდან ამომავალი მზე, ხუთი ფართო და ექვსი მოკლე სხივით.
მიღების თარიღი 1994 წლის 3 თებერვალი


რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთის გერბი
გერბის ფერადი გამოსახულება შემდეგნაირია:

ყვითელი ფონი - მზიანი ყარაჩაი-ჩერქეზეთის სიმბოლოა.
თეთრი ფერი - იალბუზი, ნიშნავს მარადიულობას, ძალას, დიდებას. იალბუზი ლურჯ წრეშია ჩახატული.
ლურჯი ფერი - მარადიულ ცასა და სუფთა წყლებს ასახავს.
ოქროს თასი - სტუმრათმოყვარეობაზე მიუთითებს.
მიღების თარიღი 1994 წლის 3 თებერვალი


ფართობი
რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტეროტორიის ფართობია 14 300 კმ².

საზღვრები
დასავლეთიდან ესაზღვრება კრასნოდარის მხარეს, ჩრდილოეთიდან სტავროპოლის მხარეს, აღმოსავლეთიდან ყაბარდო-ბალყარეთს, ხოლო სამხრეთიდან საქართველოს.


მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული სიტუაცია
ყარაჩაი-ჩერქეზეთი მრავალეროვნული რესპუბლიკაა. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 434,5 ათას ადამიანს (2005). მოსახლეობის სიმჭიდროვე 30,8 ადამ./კმ² (2005), ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილია - 44,1 % (2005).

მოსახლეობის - პროცენტული მაჩვენებელი (2002 წ.)

ყარაჩაელები: 38,5 %
რუსები: 33,6 %
ჩერქეზები (ადიღეები): 11,3 %
აბაზები: 7,4 %
ნოგაელები: 3,4%
სხვები 5.8%



ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
რესპუბლიკა დაყოფილია 10 რაიონად, 144 პუნქტად, აქედან 4 ქალაქია.

რაიონები
მალოყარაჩაევსკი
უსტ-ჯეგუტინსკი
ზელენჩუკსკი
ხაბეზი
პრიყუბანსკი
ადიღე-ხაბლსკი
ყარაჩაევსკი
ურუპსკი
აბაზინსკი
ნოგაისკი

ქალაქები
ჩერქესკი
ყარაჩაევსკი
უსტ-ჯეგურა
ტებერდა



რელიგია
ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სუნიტური ისლამის მიდევარია. თანამედროვე ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ისლამმა ინტენსიურად დამკვიდრება დაიწყო XVI-XVII ს.ს. . XVIII საუკუნეში ბატონობს ფეოდალური წყობილება, ხოლო პატრიარქალური თემური წყობილება შემორჩენილია როგორც გადმონაშთი. აღნიშნულ პერიოდში ფეხს იკიდებს ხალიფატის სკოლა - „მაზხაბი“ სუნიტური სწავლებით, თუმცა XIX საუკუნემდე რელიგიურ რწმენაში შემორჩენილია რთული სინთეზი ქრისტიანობისა (გავრცელდა ბიზანტიიდან მე-10 საუკუნეში), ისლამისა და ქრისტინობამდე არსებული ტრადიციებისა. ისლამი საბოლოოდ ფეხს იკიდებს X I X საუკუნის შუა ნახევრიდან.

რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი კულტურული ნაგებობების მშენებლობა. შენდება ახალი მეჩეთები, ქრისტიანული ეკლესია, იზრდება მუსულმანური სათვისტომოების რიცხვი, ჩნდება ახალი რელიგიური სასწავლებლები. ბოლო პერიოდში აღინიშნება ისლამური ფუნდამენტალური მიმდინარეობების გაძლიერების ერთგვარი ტენდენცია.


ისტორია
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე დასახლება „მუსტიეს“ ეპოქიდან (შუა პალეოლითიდან) მიმდინარეობს. აქ აღმოჩენილია კაჟის იარაღი (ნაპოვნია მდინარეების კარდონიკის, მარუხის, ოვეჩკას მიდამოებში) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის ხანის ძეგლები მიუთითებენ პირველყოფილი თემური წყობილების დაშალასა და ფეოდალური წყობილების ჩასახვაზე. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხის ისტორია დაკავშირებულია სკიფების, სარმოტების, გუნების, ალანების, ბულგარელების, ბიზანტიელების, არაბების, პეჩენეგების, ყივჩაღების, ორდინცების დიდ მიგრაციასთან, რომლებიც მონაწილეობდნენ არაერთ ისტორიულ მოვლენაში.

IX-X საუკუნეებში ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორია შედიოდა ადრეფეოდალურ ალანურ სახელმწიფოში, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ბიზანტიასთან, ხაზარებთან, საქართველოსთან. XIII საუკუნეში ჩრდილო კავკასიაში თათარ-მონღოლების თარეშს, მოჰყვა მისი ეთნიკური შემადგენლობის შეცვლა. ალანებთან ერთად განადგურდნენ მათი მოკავშირე ყივჩაღები - თურქულენოვანი მომთაბარე ტომები, რომლებმაც დაიკავეს ხაზარების ტერიტორია X საუკუნეში. ყივჩაღების ნაწილი ალანებთან ერთად გადასახლდა უნგრეთში, ხოლო ნაწილი კავკასიის ქედებზე. მკვლევარების აზრით, მათ იპოვეს საიმედო საფარი მონათესავე თურქულენოვან ტომთან - ბალყარებთან, ზემო ყუბანის ტერიტორიაზე. პროთურქული ჯგუფები XIV-XV საუკუნეების განმავლობაში ერწყმიან ერთმანეთს, მაგრამ ინარჩუნებენ ორ ძირითად ტომს: ბალყარებს (დღევანდელი ბალყარელები, რომელთა სახელი მომდინარეობს „ბალგარიდან“) და ყარაჩაელებს (სიტყვასიტყვით „შავი წყალი“). მოგვიანებით ეს მონათესავე თურქეულენოვანი მთიელები გაიყო: ყარაჩაელები დარჩნენ ზედა ყუბანში, რომელსაც XVII საუკუნეში იტალიელი მისიონერი ალკანჯელო ლამბერტი მოიხსენებს, როგორც „კარაჩოილებს“, ხოლო ბალყარელები გადაადგილდნენ აღმოსავლეთისაკენ - ბაქსანის, ჩეგენის და ჩერეკის ხეობებში. დღესდღეობით ისინი არსებობენ როგორც დამოუკიდებელი ხალხები. ამგვარად, საუკუნეების მანძილზე თანდათან ჩამოყალიბდა ყარაჩაელების ეთნოგენეზი.

XIX საუკუნის შუა ნახევრამდე ყარაჩაელებს შემორჩათ ფეოდალურ-პატრიარქალური წყობა. მათ საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ სამეურნეო ხასიათის კავშირები საქართველოსთან და ყაბარდელებთან, მაგრამ ეს კავშირები არაერთხელ იყო დარღვეული თურქი დამპყრობლებისა და მათი მოკავშირეების - ყირიმელი თათრების, შემოჭრის შედეგად. რუსების მიერ ბატალ-ფაშას ჯარის განადგურების შემდეგ (1790წ.), რუსეთის გავლენა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთის მოსახლეობაში გაძლიერდა, თუმცა, XVI საუკუნიდან დაიწყო რუსეთის მეთოდური კამპანია მთელი კავკასიის ტერიტორიის რუსული გავლენის ქვეშ მოსაქცევად. საბოლოოდ, 1828 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთი რუსეთს მიუერთდა.

სხვა ძირითად ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ თანამედროვე ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, წარმოადგენენ ჩერქეზები (ადიღეელები), კავკასიის უძველესი მაცხოვრებლები. მათი ისტორია საუკუნეების წიაღიდან მოდის. ადიღეელების წინაპრებად ითვლებიან მეოტები, სინდები, ახეები, ზიხები, კასოგები, კერკეტები, რომლებიც ცხოვრობენ კავკასიის ჩრდილო-დასავლეთში და კავკასიის შავიზღვისპირეთში. ხშირი მიგრაციის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVI-XVII საუკუნეებში, ჩამოყალიბდა სამი ძირითადი ადიღეური ხალხი: ადიღეელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები (ეთნონიმი „ჩერქეზი“ მოხსენებულია ძველ წყაროებში, წარმოიშვა თურქულენოვან ხალხში ადიღეელების მოსახსენებლად, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან). ამრიგად, წარსულში ეთნონიმი „ჩერქეზი“ ვრცელდებოდა ადიღეელების ყველა ეთნოჯგუფზე (ყაბარდოელებზე, შაპსუგებზე, აბადზეხებზე, ტემირგოევცებზე, ნატუხაევცებზე, ბელსენევცებზე, ბჟედუგებზე და სხვა). ჩერქეზების (ადიღეელების) ისტორია ეს არის გმირული ბრძოლა სხვადასხვა რჯულის დამპყრობლების წინააღმდეგ თვითგადარჩენისათვის. ჩერქეზებისა და ყარაჩაელების, ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხების, ისტორიაში ტრაგიკული აღმოჩნდა კავკასიის ომის წლები, რომელმაც შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გადაიწვა დასახლებები, მეფის წარგზავნილი მეთაურები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ მიეღოთ მათთვის უცხო წესები, ასახლებდნენ სიცოცხლისათვის არასახარბიელო ადგილებში. 1864 წლის 21 მაისს ასწლოვანი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, რუსეთის ჯარმა დაიკავა კბაზდა, რომელიც იმ პერიოდში იყო ჩერქეზული წინააღმდეგობის ძირითადი, აუღებელი კერა. ეს დღე ოფიციალურად ითვლება კავკასიის ომის დასასრულის თარიღად. რუსულ-კავკასიური ომის დასრულების შემდეგ, ჩერქეზები, ყარაჩაელები და სხვა კავკასიელი ხალხები გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. გადასახლების პროცესში დაიღუპა რამოდენიმე ათასი ადამიანი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ - 1918 წლის 1 აპრილიდან, ტერიტიროა გახდა ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი, 1918 წლის 28 მაისიდან - ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკის, ხოლო 1918 წლის 5 ივლისიდან 1918 წლის დეკემბრამდე - ჩრდილო კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი.

1921 წლის 20 იანვრიდან ტერიტორია შედის მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

1922 წლის 12 იანვრიდან შეიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი სამხრეთ-აღმოსავლეთ (1924 წლიდან ჩრდილო-კავკასიის) მხარის შემადგენლობაში, ცენტრით ბატალფაშინსკში.

1926 წლის აპრილიდან გაიყო ყარაჩაის ავტონომიურ ოლქად, ჩერქეზეთის ნაციონალურ მხარედ, ბატალფაშინსკის და ზელენჩუკის რაიონებად.

1943 წლის წლის ოქტომბერში, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს მითითებით, ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდა და სამხრეთი ნაწილი მიუერთდა საქართველოს (როგორც ქლუხორის რაიონი), ხოლო დიდი ნაწილი მიუერთდა სტავროპოლის მხარეს. ყარაჩაელები და ჩერქეზები უსამართლოდ იქნენ დადანაშაულებულნი ფაშისტურ ჯარებთან თანამშრომლობაში. 1943 წლის ნოემბრიდან ისინი დეპორტირებულები იყვნენ შუა აზიაში. დეპორტაციის წლებში დაიღუპა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.

1957 წელს მოხდა ყარაჩაელების რეაბილიტაცია და მათ მიეცათ უფლება დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მხარეში. სტავროპოლის მხარეში შეიქმნა ყარაჩაის ავტონომიური ოლქი (КЧАО), 1943 წლის საზღვრებით. 1990 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა სტავროპოლის მხარის შემადგენლობიდან და რსფსრ-ს შემადგენლობაში შევიდა „ყარაჩაი-ჩერქეზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ სახით. 19989-91 წ.წ. ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებულ ყრილობებზე, რსფსრ ს ხელმძღვანელობას მიმართეს თხოვნით, აღედგინათ ან შეექმნათ ცალკე ჩერქეზეთის, ყარაჩაის, აბაზების და ზემო-ყუბანის კაზაკების ავტონომიური ოლქები. თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შემდგომ წლებში, ასევე ითხოვდნენ ყარაჩაის რესპუბლიკის ახლომონათესავე ხალხთან - ბალყარებთან, გაერთიანებას და ყარაჩაი-ბალყარეთის რესპუბლიკის შექმნას. აგრეთვე, ახლომონათესავე ადიღების, ყაბარდოელების და ჩერქეზი ხალხის გაერთიანებას და ერთიანი ადიღეური რესპუბლიკის შექმნას.

კულტურა
ყარაჩაელების და ჩერქეზების ხალხური გამოყენებითი ხელოვნება წარმოადგენს ისტორიულ, მხატვრულ და ესთეტიკურ ღირებულებებს. ესაა ორნამენტული ფორმების სიმდიდრით და უდავო მხატვრული სრულყოფილებით გამორჩეული ოქრომკედის ხელოვნება, სამჭედლო და ქვისკვეთის საქმე, ხის ჭურჭლის მოჩუქურთმება, ტყავის ამოტვიფრა და აპლიკაცია, ხეზე კვეთა, ჭილოფის დაწნა ჭაობის მცენარისაგან და სხვა. ჩერქეზული ხელოვნება განთქმულია საიუველირო ნაკეთობებით, იარაღის დამზადებით. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ყარაჩაული ქეჩის ხალიჩები (кийизам).

ფოლკლორი:

ყარაჩაელები
ფოლკლორი ხასიათდება ფორმათა სიმდიდრით და მრვალფეროვნებით: თქმულებები, ისტორიული, შრომითი, საგმირო, სატირული, სასიყვარულო და სააკვნე (იავნანა) სიმღერები, ზღაპრები, ანდაზები და გამონათქვამები. მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციული ქორეოგრაფიული ხელოვნება. ზოგადკავკასიურ ცეკვებთან ერთად გავრცელებულია სარიტუალო ყარაჩაულ-ბალყარული ცეკვები – გოლლუ, სანდრაკი, ტეპენე, ტეგერეკი და სხვა. ყარაჩაელების უძველესი ცეკვები ატარებენ სინკრეტულ ხასიათს, სადაც ცეკვა მჭიდროდაა დაკავშირებული რეკვიზიტით სიმღერასთან, მუსიკასთან, დრამასთან, ლოცვასთან.

ტრადიციული მუსიკალურ ინსტრუმენტებია - ლერწმის სალამური, ორსიმიანი ვიოლინო. სამსიმიანი ინსტრუმენტი, ჭადრის ფირფიტების ჭრიალა, დოლი და გარმონი.

ჩერქეზები
ფოლკლორში ცენტრალური ადგილი უჭირავს: ეპოსს და თქმულებებს ზოგადადიღეურ სიუჟეტებზე. განვითარებულია სახალხო მთქმელების და მომღერალთა ხელოვნება - «джегуаки». გავრცელებულია სამგლოვიარო სიმღერები (ზარით დატირება), შრომითი და სახუმარო სიმღერები.

ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტებია
ვიოლინო (щичапщина), სალამური (бжамей), დასარტყამი ინსტრუმენტი (пхацыч), სხვადასხვა დაირები, რომლებზეც უკრავდნენ ხელით და ჯოხებით. ჩერქეზული გარმონი ფესვებს იღებს გერმანიიდან, მასზე ძირითადად უკრავენ ქალები, ხოლო დანარჩენ ინსტრუმენტებზე - მამაკაცები.

ყარაჩაელთა ტრადიციული სამოსი:

ქალის ტანსაცმელში შემორჩენილია ალანური პერიოდის კოსტიუმის ელემენტები. მას განეკუთვნება, მაგალითად, დაშტამპული (ჭედური), წერტილოვანი, გეომეტრიული ორნამენტებით შემკული მეტალის გვირგვინი, რომელიც თავსაბურავზეა მიკერებული. თავსაბურავი წარმოადგენდა მაღალ, მახვილკუთხა ქსოვილის ქუდს, რომელზეც მიმაგრებული იყო მეტალის, ნახჭით დაფარული ზედაპირი. შუასაუკუნეების ყარაჩაული კაბა ირთვებოდა მკერდზე ორრიგად დაკერებული ვერცხლის ბალთა-ღილებით.

გოგონების სადღესასწაულო კაბები მზადდებოდა მუქი-წითელი ხავერდისაგან ან აბრეშუმისაგან, იშვიათად – ცისფერი და მწვანე ფერებისაგან. ისინი შემკული იყო ოქრომკედით და სირმებით. ქალის კოსტიუმის აუცილებელი ნაწილი იყო ქამარი, რომელიც საიუველირო ხელოვნების ნამდვილ შედევრს წარმოადგენდა.

მამაკაცის ტანსაცმელი უფრო მეტად ჰგავს ჩრდილო კავკასიის სხვა მთიელ ხალხთა ტანსაცმელს: ტუნიკის მსგავსი პერანგი. შავი, თეთრი, ზოგჯერ (სადღესასწაულო) ნათელი ფერების – ღია ცისფერი, ნარინჯისფერი, ზოლიანი ახალუხი (Бешмет къаптал). ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებდნენ ხიფთანის გარეშე. ხიფთანს (სადღესასწაულო სამოსი), ზემოდან დაკერებული ჰქონდა ვერცხლით გაწყობილი სირმები. მამამკაცის კოსტიუმის აუცილებელი ატრიბუტი იყო ქამარი. შარვალი იყო სწორი, განიერი, ბოლოში ოდნავ დავიწროებული ტოტებით და დიდი რომბისებური უბით. Чабыры – მოქნილი ტყავის ფეხსაცმელი. ზამთარში ატარებდნენ ქეჩის ფეხსაცმელს.

თავსაბურავი სხვა მთიელთა თავსაბურავის მსგავსი ჰქონდათ. ყარაჩაელები ატარებდნენ ბეწვის ფაფახებს (тери бёрк) და ქეჩის ქუდებს, მამაკაცის სადღესასწაულო თავსაბურავად ითვლებოდა მაღალი კარაკულის ქუდი (бухар бёрк).

ჩერქეზთა ტრადიციული სამოსი:

მამაკაცის ტანსაცმელი – ჩოხაი, მზადდება მუქი ფერის მაუდისაგან: შავი ან ნაცრისფერისაგან. ჩვეულებრივ ოდნავ მუხლსქვემოთ სიგრძის. ნაოჭებიანი ან ნაკეცებიანი. წელზე ვიწროქამარშემორტყმული. გრძელი, ფართო სახელოებით. განმასხვავებელ ნიშანს და ადვილად გამოსაცნობ ელემენტს წარმოადგენს სირმა – მკერდზე დაკერებული ტყავის ბუდეებით, ხის ჩხირებისათვის. ადრე სირმები თოფის პატრონების ჩასადებად გამოიყენებოდა (თითოეულ მხარეს 4-8 ცალი). სადღესასწაულოდ იცმევდნენ უფრო გრძელ და თხელ ჩოხებს. ბეწვის ქუდს მაუდის დაბოლოებით (тульё), ფეხზე – წუღებს, ქალამნებს (ноговицы), მდიდრებს ეცვათ ოქრომკედით ნაქარგი ტარსიკონის ჩექმები. ჩოხა, მსუბუქი ფეხსაცმელი და ნაბადი უნივერსალურ ტანსაცმელს წარმოადგენდა საომარ ლაშქრობებში. აუცილებელი ატრიბუტი იყო იარაღი – ხმალი (გორდა), ხანჯალი, მოგვიანებით თოფი და პისტოლეტი.

 


ქალის ტანსაცმელი – დასრულებული სახით ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. კაბა გახსნილი იყო წელიდან ბოლომდე. გამოსასვლელი კაბა იკერებოდა აბრეშუმის ან ხავერდისაგან, შემკული იყო სირმებით და ნაქარგებით. წითელი ფერის კაბის ტარების უფლება მხოლოდ დიდგვაროვან ქალებს ჰქონდათ. წელზე შემორტყმული ჰქონდათ ვერცხლის ქამარი. ზემოდან ეცვათ მუქი-წითელი ან შავი ხიფთანი ვერცხლის საკინძეებით, რომელიც მოქარგული იყო ოქროს და ვერცხლის სირმებით. ტყავის ფეხსაცმელი მოქარგული იყო ვერცხლით. ჩერქეზი ქალის თავსაბურავი დამოკიდებული იყო მის ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობაზე: პატარა გოგონები თავსაფრით ან თავშიშველი დადიოდნენ, მოზრდილი გოგონები და ახალგაზრდა ქალები (პირველი ბავშვის გაჩენამდე) ატარებდნენ მაღალი მყარ, ბალთებით და ნაქარგით შემკულ “ოქროს ქუდს”, რომელიც მაუდით ან ხავერდით ბოლოვდებოდა. ქუდს ზემოდან წამოსხმული აქვს თხელი აბრეშუმის თავსაფარი; ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი მთლიანად იფარავდა თმას მუქი თავსაფრით (თავსაფრის ბოლოები ეშვებოდა ნაწნავის ქვეშ და კეფაზე სპეციალური კვანძით იკვრებოდა) და შალით. თანამედროვე ჩერქეზი ქალები ნაციონალურ თავსაფრებს მხოლოდ დღესასწაულებზე იფარებენ.

დღევანდელ ყარაჩაი-ჩერქეზეთში კულტურის მრავალრიცხოვანი სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს - 4 ეროვნული თეატრი (ჩერქეზეთის ო.მ. აკოვის სახ. რესპუბლიკური დრამატული თეატრი, ყარაჩაის დრამატული თეატრი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის რუსული დრამისა და კომედიის თეატრი, აბაზინის დრამატული თეატრი), ფილარმონია, ხელოვნების სკოლები, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ელბრუსი”, სტუდენტური ანსამბლი “შოხლუკი”, ხალხური ანსამბლი “ჩოლპანი”, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სხვა.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკური კულტურისა და ბუნების მუზეუმ-ნაკრძალი ხელს უწყობს (უზრუნველყოფს) ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. იგი აერთიანებს უნიკალურ ძეგლებს: კავკასიის უღელტეხილების დამცველთა ძეგლი-მიზეუმი, ქ. ჩერქეზსკის ისტორიული კვარტალი, ქვემო-არხიზის ისტორიულ-არქეოლოგიური და არქიტექტურული კომლექსი, ხუმარინის VII-VIII საუკუნეების ნაქალაქევი, შაონინის X საუკუნის ტაძარი, სეტინის X საუკუნის ტაძარი და ფერისცვალების სამონასტრო კომპლექსი, “ადიუხის” კოშკი და VII-VIII საუკუნეების ნაქალაქარი და სხვა (სულ 11 კომპლექსი).



სპორტი

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხალხის ისტორიაში ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სპორტულ პაექრობას. დღესასწაულებზე ეჯიბრეოდნენ ჯირითში, მძლეოსნობაში, თოკის გადაძალვაში, სიმძიმის აწევაში და სპორტის სხვა სახეობებში.

სპორტულმა ტრადიციულმა სახეობებმა დღესაც არ დაკარგეს აქტუალობა. საბრძოლო ხელოვნება ყარაჩაელების სპორტის ნაციონალური სახეობაა და მასიურ ხასიათს ატარებს. ჩერქეზეთში პოპულარობით სარგებლობს „საბრძოლო ხელოვნების კლუბი“, რომელმაც აღზარდა არაერთი საუკეთესო კავკასიელი სპორტსმენი.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ არმსპორტის სკოლა „ალანი“. თუმცა არმსპორტი, როგორც ოფიციალური სპორტის სახეობა, გაჩნდა 1990 წელს. ხალხში სპორტის ეს სახეობა საკმაოდ პოპულარული იყო. მას სკანდერბერკს უწოდებდნენ. ყარაჩაი-ჩერქეზეთის მკლავჭიდელებმა 80 მედალი მოუტანეს რესპუბლიკას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან.

რესპუბლიკაში ასევე პოპულარულია სპორტის ისეთი სახეობები როგორებიცაა: თხილამურებზე სრიალი, კრივი, კარატე, სამბო, მსუბუქი ათლეტიკა.
რესპუბლიკა ასახელეს ისეთმა ცნობილმა სპორცმენებმა, როგორებიც არიან:
რუსლან სარიევი - სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (არმსპორტი);
რუსლან ჩოტჩაევი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი (არმსპორტი);
დახირ ტებუევი - მსოფლიო ჩემპიონი;
თემურ ჩაგილოვი - ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (არმსპორტი);
ელდარ ხაპიევი - მსოფლიო შეჯიბრის აბსოლუტური გამარჯვებული (არმსპორტი);
კაზიმ კუშეტეროვი - მსოფლიო შეჯიბრის აბსოლუტური გამარჯვებული (არმსპორტი) და მრავალი სხვა.
განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru