Eng
ქარ Рус

რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთი

 

ზოგადი ინფორმაცია
რელიგია
ისტორია
კულტურა
სპორტი



რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთი – რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხერეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

დედაქალაქი - ნალჩიკი. ქალაქის სახელის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნოდ ითვლება, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება მიიღო მთის ფორმისაგან, რომლის ტერიტორიაზეც არის გაშენებული. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის ენაზე ითარგმნება როგორც ნალი. გეოგრაფიულად ქალაქი გაშენებულია მთის გარშემო, ნალის ფორმით. ამიტომაც, ქალაქის ემბლემას ნალი წარმოადგენს.
ციხექალაქი ნალჩიკი დაარსდა 1818 წელს (ზოგიერთი მონაცემით, პირველი დასახლება დათარიღებულია 1724 წლით). სამხედრო დასახლება ციხექალაქში გაჩნდა 1838 წლიდან, ამ დროისათვის იქ 2300 ადამიანი ცხოვრობდა.
1921 წლიდან ნალჩიკი ყაბარდოს ცენტრია, 1922 წლიდან - ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქის ცენტრია, ხოლო 1936-1991 წლებში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. 1991 წლიდან ქ. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.


ენა: ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ენებია – ყაბარდული (ყაბარდო-ჩერქეზული), ბალყარული (ყარაჩაი-ბალყარული) და რუსული.

ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფის მიეკუთვნება. ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული წარმოადგენს.
ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზულ ენას ადიღეურ ენასთან აქვს კავშირი. თავად ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას „адыгэбзэ“-ს უწოდებენ, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს. იგი სამი დიალექტისგან შედგება. ყაბარდინელების უმრავლესობა თერგულ-ყაბარდულ დიალექტზე საუბრობს, უმცირესობა - ყუბან-ყაბარდინულზე და ე.წ. ბესლანურ დიალექტზე.
1924 წლამდე დამწერლობაში, ძირითადად, არაბულ ანბანს და კირილიცას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში _ ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცა გამოიყენება.
ყარაჩაი-ბალყარული ენა თურქული ენის ჩრდილო-დასავლურ შტოს მიეკუთვნება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მას მშობლიურ ენაზე ბალყარელები “малкъар тил”-ს უწოდებენ, ხოლო ყარაჩაელები - “къарачай тил”-ს.

ყარაჩაი-ბალყარულ ენას აქვს ორი დიალექტი - ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის (чокающий) და მალკარიული (цокающий), ასევე, ხოლამო-ბიზინგიური კილო-კავი. ყარაჩაი-ბალყარული ლიტერატურული ენა ეფუძნება ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის დიალექტს.
1920-1924 წლებში ძირითადად არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კირილიცას.

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დროშა

                              მიღების თარიღი 1994 წლის 21 ივლისი

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დროშა 3 თანაბარ ჰორიზონტალურ ზოლს წარმოადგენს: ლურჯი-ცისფერი, თეთრი და მწვანე. ცენტრში მოთავსებულია წრე ცისფერი და მწვანე ფერებით, შუაში იალბუზი თეთრ ფერში გამოსახული.

                                მიღების თარიღი 1994 წლის 21 ივლისი

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის გერბზე გამოსახულია ოქროსფერი არწივი წითელი ფარის ფონზე. არწივის მკერდზე გამოსახულია მცირე ფარი, რომლის ზედა მხარეზე გამოსახულია ორმწვერვალიანი მთა ცისფერ ფონზე, ქვევით ოქროსფერი სამყურა მწვანე ფონზე.

ტერიტორიის ფართობი
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ფართობია 12500 კმ².

საზღვრები

ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარე ესაზღვრება, სამხრეთით ჩრდილოეთ ოსეთი და საქართველო, დასავლეთით ყარაჩაი-ჩერქეზეთი.

მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული ვითარება

2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 891338 ადამიანს შეადგენს, მოსახლეობის სიმჭიდროვეა 71,3 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს საერთო მოსახლეობის 58,4%-ს.

მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები 2002 წლის მონაცემებით:
ყაბარდოელები         55,3%
რუსები                    25,1%
ბალყარელები           11,6 %
ოსები                        1,1 %
უკრაინელები             0.8 %
სხვები                       6.1 %

ყაბარდოელები, ძირითადად, დასახლებულნი არიან ბარში, რომელიც მოიცავს თერგის, ბაკსანის, ურვანის, ჩეგემსკის და ჩერესკის რაიონებს. ბალყარელები ცხოვრობენ რესპუბლიკის ტეროტორიის მთიან ზოლში.


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რაიონები:
ბაქსანის
ზოლსკის
ლექსენსკის
მაისკის
პროხლადნენსკის
ტერსკის
ურვანსკის
ჩეგემსკის
ჩერეკსკის
ელბრუსის

ქალაქები:
ნალჩიკი
პროხლადნი
ბაქსანი

BACK

 


რელიგია

ყაბარდოელები და ბალყარელები სუნიტი მუსლიმები არიან. ყაბარდო-ბალყარეთში ძირითად კონფესიას წარმოადგენს მუსულმანური და ქრისტიანული (მართლმადიდებლური და პროტენსტანტული მიმდინარეობები).
როგორც ყაბარდინელები ასევე ბალყარელები ძველ დროში წარმართები იყვნენ, თავისი ატრიბუტიკით - მრავალრმერთიანობით და ა.შ.
X საუკუნეში ბიზანტიიდან გავრცელებული იქნა ქრისტიანული რელიგია, რომელიც თავიდან წარმართულ მიმდინარეობის ნაირსახეობად ითვლებოდა.
ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ისლამმა გავრცელება დაიწყო XIV საუკუნედან, რასაც XIII-XIV საუკუნეებში ქვემოჯულატსკის აგურის მეჩეთი მოწმობს. XVIII საუკუნეში ისლამი ყაბარდოში დომინანტურ რელიგიად იქცა. ბალყარეთში ისლამის გავრცელება შედარებით გვიან განხორციელდა. XVII -XVIII საუკუნეებში ისლამი წარმართულ და ქრისტიანულ რელიგიებს თანდათან ჩაენაცვლა, ხოლო XIX საუკუნის პირველ ნახევარში ისლამი ბალყარელებისა და ყაბარდოელებისათვის ძირითად რელიგიად იქცა.

BACK

 

ისტორია

ყაბარდო-ბალყარეთის თანამედროვე ტერიტორია ძველთაგანვე იყო დასახლებული. აქ აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ქვის სადგომები - სოსრუკო, სოს ბაქსანის ხეობაში, კალა-ტუბუს სადგომი ჩეგემის ხეობაში. მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები მიუთითებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მთიანი ნაწილი მუდმივად დასახლებული იყო. ყაბარდო-ბალყარეთის ერების ისტორიამ, როგორც დანარჩენი კავკასიური ერებისა, კავკასიაში მოსული სკიფების, ხოლო მოგვიანებით სარმატო-ალანიური და თურქულენოვანი ტომების ზეგავლენა განიცადა. მეცნიერთა აზრით, ბალყარელი და ყარაჩაელი ერების განათლებაში, ადგილობრივ ჩრდილოკავკასიელთა და ალანურ ტომებთან ერთად, მონაწილეობას თურქულენოვანი ტომები _ ბოლგარები და ყივჩაღები იღებდნენ. XIV-XVIII საუკუნეების ქართულ წყაროებში ბალყარელები „ბასიანებად“ მოიხსენებიან, ოსები მათ „ასამებს“ (ასონ, ასიაგ), ყაბარდოელები კი „კიუშხებს“ (მთიელი) უწოდებდნენ.

VII–VIII საუკუნეებში, ფეოდალური წყობილების განვითარების სტადიაში, ყაბარდოს ტერიტორიაზე წარმოიშვა მცირე, ნახევრადფეოდალური-ნახევრადპატრიარქალური სამფლობელოები, რომლებიც Х–XII საუკუნეებში შედიოდნენ ალანთა კავშირში. „ბაქსანის მთიელთა“ და „ჩეგემის მთიელთა“ სახელწოდებებით, ბალყარელები შეადგენდნენ თვითმმართველობით, ნახევრადდამოუკიდებელი სასოფლო თემების, ყაბარდოსაგან იზოლირებულ, გაერთიანებას, რაც წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობის ნიშნების მქონე ადრეფეოდალურ წარმონაქმნს.
ბალყარელებს ძველთაგანვე გააჩნდათ მეზობლებთან მრავალმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, განსაკუთრებით ყაბარდოელებთან, დიგორიელ ოსებთან, ქართველებთან (განსაკუთრებით რაჭველებთან და სავანებთან) და სხვ.

XV საუკუნიდან დაიწყო ფეოდალური განხეთქილების და ყირიმის სახანოსა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის ეპოქა. აღნიშნული პერიოდი ხასიათდება, რუსეთსა და თურქეთს შორის, კავკასიაში გავლენის სფეროების მოპოვების მცდელობით.

1781 წელს, დიგორიელთა მეზობლად მცხოვრებმა ბალყარელებმა, 47 დასახლებასთან ერთად, მიიღეს რუსეთის ქვეშევრდომობა. თუმცა, ყველა ბალყარელს როდის სურდა ქვეშევრდომობა, ამიტომაც ბალყარეთის ხეობები, როგორც თავისუფალი ზონები, კავკასიის მიმართულების უფროსის - ა.ერმოლოვის, დარბევის დროს, ჩრდილოკავკასიაში მეფის რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო ყაბარდოელი და სხვა რაზმების თავშესაფარს წარმოადგენდა.
გენერალი ერმოლოვი კატეგორიულად უკრძალავდა ამბოხებულებს ბალყარეთსა და ყარაჩაიში დასახლებას. მათი დამორჩილებისა და განადგურების მიზნით, ერმოლოვის რაზმები წვავდნენ და უმოწყალოდ ძარცვავდნენ დასახლებულ პუნქტებს.

რუსეთის შემადგენლობაში ბალყარელები ოფიციალურად 1827 წელს შევიდნენ, როდესაც ბალყართა სახალხო დელეგაციამ სტავროპოლში რუსეთის ქვეშევრდომობაზე, ტრადიციული ადათ-წესების, შარიათის კანონით გასამართლების და მუსულმანური მრწამსის შენარჩუნების გარანტიით, თანხმობა განაცხადა.
მეორე ძირითადი ხალხი, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არიან ყაბარდოელები (აღმოსავლეთ ადიღეელები) - კავკასიის უძველესი მაცხოვრებლები. მათი წინაპრები იყვნენ მეოთები, ზიხიგები, ქასოვები და სხვა. XIII–XIV ს.ს. ადიღეელთა ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთი კავკასიის ზეწოლის გამო, გადასახლდნენ აღმოსავლეთით (ცენტრალურ კავკასიაში) და მას შემდეგ მათ უწოდებენ ყაბარდოელებს.

ყაბარდო (ყაბარდეი, პიატიგორსკის ჩერქეზეთი) როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული XV საუკუნეში გამოიყო, ნახევარლეგენდად ქცეული ინალის - ჩერქეზეთის თავადების (ინალიდები) პატრიარქის, ეფემერული ქვეყნის დაშლისას. XV-XVI ს.ს. ზღვარზე მას გამოეყვნენ ბესლანეი - აღმოსავლეთ ამიერყუბანში და ჯილიახსტანი - თერგ-სუნჟენის შუამდინარეთში.

თავისი ისტორიის დიდი ნაწილი, ყაბარდო წარმოადგენდა ყირიმისა და რუსეთის გავლენის დაპირისპირების ზონას, რადგანაც იგი დომინირებდა ცენტრალურ კავკასიაში და იყო ჩერქეზეთში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური წარმონაქმნი. თურქეთის სულთნებისა და ყირიმის ყაენების დაპყრობითმა ომებმა, აიძულა ადიღეელების მთავრების ნაწილი, ყაბარდოს მაღალმთავრის თემრიუკ იდაროვის თაოსნობით, მიემართათ მოსკოვისთვის, რუსეთთან მიერთების თხოვნით (1557 წ.).

დროთა განმავლობაში ყაბარდო, სხვა ჩრდილო კავკასიურ ნაციონალურ-ტერიტორიულ წარმონაქმნებთან ერთად, დაპყრობილ იქნა თურქების მიერ. 1774 წ. თურქეთთან კიუჩუკ-ქაინარჯიის ხელშეკრულების თანახმად, ყაბარდო და ბალყარეთი კვლავ იქნენ შეყვანილნი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ყაბარდოს შემდგომი ისტორია (დაწყებული 1557 წ.) - ეს არის გაუთავებელი ომებისა და აჯანყებების ისტორია, რუსეთის იმპერიული რეჟიმის წინააღმდეგ. თითქმის ყოველ წელს, XVIII საუკუნის ბოლოდან 1825 წლამდე, „ცარიზმი“ იპყრობდა ყაბარდოს, მაგრამ იგი მუდმივად აჯანყებული რჩებოდა:

  • 1763 წ. - ყაბარდოელები ეწინააღმდეგებოდნენ მოზდოკის ციხე-სიმაგრის მშენებლობას;
  • 1767 წ. - მსხვილი ანტიფეოდალური გამოსვლა;
  • 1769 წ. - ყაბარდოელთა ლაშქარი დამარცხდა რუსეთის მეფის ჯარების წინააღმდეგ, რომელსაც სარდლობდა
  • გენერალი დე მედემი. ყაბარდოსათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სუვერენიტეტის ატრიბუტების წართმევამ, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა, იგი რუსეთის კოლონიალურ წარმონაქმნად გადააქცია;
  • 1777 წლის შემოდგომაზე - ყაბარდოელები ეწინააღმდეგებიან რუსული ციხე-სიმაგრეების (ეკატერინოგრადსაკაია, პავლოვსკაია, გეორგიევსკაია, ალექსანდროვსკაია) მშენებლობას, სადაც დააარსეს კაზაკების სტანიცები და დაასახლეს ვოლგისპირეთის კაზაკების ჯარები;
  • 1779 წ. - ანტიკოლონიურმა მოძრაობამ ყაბარდოში პიკს მიაღწია, ყაბარდოელებმა იწვნიეს დიდი მსხვერპლი, დაიღუპნენ ყაბარდოელ მთავართა გამოჩენილი წარმომადგენლები;
  • 1803 წ. - კისლოვოდსკის, კონსტანტინოგორსკის სიმაგრეების და ახალი კაზაკების სტანიცების მშენებლობამ პიატიგორსკის რაიონში, გამოიწვია აჯანყება ყაბარდოში, რის შემდეგაც 1804 წლის აპრილში ჩატარდა სადამსჯელო ექსპედიცია გენერალ-ლეიტენანტ გლაზენაპის მეთაურობით;
  • 1808 წლის დასაწყისში, ყაბარდოს ყველა კავშირი გარე სამყაროსთან სრულად შეწყდა კორდონების ორმაგი ჯაჭვით და საკარანტინო საგუშაგოებით. ხოლო, გენერალ ბულგაკოვის ლაშქრობა ყაბარდოს და ამიერყუბანის სიღრმეში იმდენად მკაცრი იყო, რომ რუსეთის უმაღლეს გენერალიტეტშიც გამოიწვია შეშფოთება;
  • 1816 წელს, კავკასიის მთავარსარდლად გენერალ ერმოლოვის დანიშვნის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი ყაბარდოში კიდევ უფრო გამკაცრდა, რამაც ახალი აჯანყებების ტალღა გამოიწვია და გამათავისუფლებელი მასობრივი ბრძოლის ხასიათი მიიღო;
  • 1822 წელს, ყაბარდო საბოლოოდ იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ. 

კავკასიური ომი და მისი შედეგები ტრაგიკულად აისახა ყაბარდოელების, ბალყარების და კავკასიის სხვა ხალხების ბედზე. კავკასიის ომის დამთავრების და კავკასიის საბოლოო მიერთების შემდეგ „ცარიზმმა“ ადგილობრივი ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარა. ყველა ჩრდილო-კავკასიელი ხალხი, თავისი ტერიტორიებით, მონიშნულნი იყვნენ როგორც ოლქები და შევიდნენ თერგის ოლქის შემადგენლობაში. ყაბარდოელებმა და ბალყარეთის ხუთმა თემმა შეადგინეს ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული - ყაბარდოს ოლქი;
1869 წელს, თერგის ოლქის მომდევნო ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, ყაბარდოს ოლქს დაერქვა გეორგიევსკი, მოგვიანებით კი ნალჩიკის ოლქი;
1921 წლის 20 იანვარს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჩამოყალიბდა მთიელთა რესპუბლიკა, რომელშიც სხვა ნაციონალურ-ტერიტორიულ წარმონაქმნებთან ერთად შევიდა ყაბარდო და ბალყარეთი;
1921 წლის 1 სექტემბერს, მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, ყაბარდო გადაკეთდა რ/ფ-ში შემავალ ბალყარეთის ავტონომიურ ოლქად;
1922 წლის 6 იანვარს, მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, ბალყარეთი მოაქციეს რ/ფ-ში შემავალ ბალყარეთის ავტონომიურ ოლქში;
1922 წლის 9 იანვარს, შეიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი, რ/ფ ს შემადგენლობაში;
1944 წელს, განხორციელდა ბალყარების დეპორტაცია შუა აზიაში და ყაზახეთში (8 მარტი ითვლება ბალყარეთის ხალხის ნაციონალური ტრაურის დღედ). ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ს დაერქვა ყაბარდოს ასსრ;
1957 წელს, მოხდა ბალყარელთა რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ყაბარდოს ასსრ-ს დაერქვა ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ“;
1991 წელს, მიღებული იქნა დეკლარაცია სუვერენიტეტის შესახებ;
1995 წლიდან, რესპუბლიკამ მიიღო ამჟამინდელი სახელწოდება.

BACK

 

 

კულტურა

არქიტექტურა და არქეოლოგიური ძეგლები

ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია წნელის საცხოვრებელი სახლები და კერამიკის ნარჩენები, რომლებიც ნეოლითის ეპოქას და ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, ასევე ლითონის სამკაულები, რომლებიც ქობანების და ყივჩაღ-სარმატების კულტურას წარმოადგენენ. შემონახულია დიდი რაოდენობის სხვადასხვადროინდელი სამარხები, სასაფლაოები, ნასოფლარები და ნაქალაქევები. მათ შორის: ნაქალაქევი დაბალი ჯულათი (ქ. მაისკის მახლობლად), რომელიც არსებობდა მე-14 საუკუნეში (დიდი მეჩეთის ნანგრევები და სხვა), შუასაუკუნეების ნაქალაქევი ლიგითი (სოფ.ზედა ჩეგემის მახლობლად), თავდაცვითი ნაგებობებით. მაღალმთიან რაიონებში შემონახულია შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების კომპლექსები, რომლებიც მიუვალ ადგილებშია აშენებული (გამოირჩევიან ლაკონური არქიტექტორული სტილით): ციხესიმაგრე თოთურ-კალა და ჯაბოევების კოშკი მდ.ჩერევის ხეობაში, ციხე-დარბაზი ქურნოიატ-ბაშის მთაზე, სამ იარუსიანი კომპლექსი ზილგი (ე.წ. ბორზივიების ციხე-დარბაზი) ბალყარეთის ხეობაში და სხვა დიდებული გამაგრებული კოშკები: აბაის კოშკი ყოფილ ქუნუმის აულთან, მიეკუთვნება მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისს; ბალქარუქოვის კოშკი სოფ.ზედა ჩეგემში (თარიღდება მე-17 საუკუნის მეორე ნახევრით), აქ-კალას კოშკი (17-18 სს).
გავრცელებულია ქვის სამარხი-მავზოლეუმები 14-19სს. მართკუთხედი მარალი ორ იარუსიანი სახურავით, მრგვალი და მრავალწახნაგოვანი კონუსური სახურავით. ტრიუმფალური შესასვლელი ეკატერინოგრადის სტანიცაში მიეკუთვნება 1785 წელს (რესტავრირებულია 1847 და 1962წწ).

 

გამოყენებითი ხელოვნება

ყაბარდო-ბალყარეთში განვითარებული იყო ხეზე და ქვაზე ჭრა. ოქროს ძაფებით ქარგვით ალამაზებდნენ ქუდებს, ქალის გამოსასვლელ ტანსაცმელს. ფერადი ქვები ამშვენებდა ლითონისაგან დამზადებულ ნაკეთობებს (საყურეებს, ბეჭდებს, შესაკრავებს, ცხენის უნაგირის დეტალებს). აპლიკაციის და ნაქარგის მეშვეობით ხატავდნენ ტყავის ნაკეთობებზე (საფულე, სათუთუნე, ფუტლიარები).
ბალყარელები ამზადებდნენ ქეჩებსა და ხალიჩებს სახვადასხვა სახის გეომეტრიული და რქის ფორმის მსხვილი ფიგურების გამოსახულებით, რომლებიც აპლიკაციის და მოზაიკის (სხვადასხვა ფერის ნაჭრები ერთმანეთზე ეკერებოდა) ტექნიკის გამოყენებით. ყაბარდოელებში განვითარებული იყო გადასაფარებლების ქსოვა გეომეტრიული გამოსახულებებით

ფოლკლორი

ყაბარდოელები
ყაბარდოელების ფოლკლორი სიმდიდრით გამოირჩევა. სასიმღერო შემოქმედება და ზეპირი პროზაული მოთხრობები შეიცავენ მრავალფეროვან სიუჟეტებს. შექმნილია სიმღერები ლეგენდარული ვაჟკაცური ხალხის „ნართების“ შესახებ, ისტორიული, ყოფითი, ლირიული და სატირული ხასიათის, წეს-ჩვეულებების ამსახველი სიმღერები. ლეგენდები, ზეპირი გადმოცემები, ზღაპრები და ა.შ.
ხალხში პოპულარობით სარგებლობდა „გეგუაკო“, რაც დაახლოებით ნიშნავს „სათამაშოდ მიმავალს“ ან „შეკრებაზე მიმავალს“, რომელსაც უნდა სცოდნოდა სასიმღერო რეპერტუარი, უნდა ყოფილიყო სხარტი აზროვნების, მხიარული, ასევე უნდა ჰქონოდა მიდრეკილება სიტყვიერი იმპროვიზაციისადმი.
ყაბარდოულ ცეკვებს სამი ძირითადი ვარიანტი ქონდა და სრულდებოდა დასარტყამი ინსტრუმენტების, ტაშის დაკვრის, მოგვიანებით კი გარმონიკის თანხლებით. სადღესასწაულო ფიგურული ცეკვა უჯი, ლირიული წყვილთა კაფა, სწრაფი და ცეცხლოვანი ისლამეი („ლეზგინკა“) - ყველა ამ ცეკვას აქვს თავისებური ემოციური შეფერილობა და რიტმული გამომხატველობა.
მუსიკალური ინსტრუმენტები: ყაბარდოელები ძველი დროიდან სარგებლობენ ორიგინალური მუსიკალური ინსტრუმენტებით. სასულე ინსტრუმენტებიდან გავრცელებული იყო ბუამი - ფლეიტის ნაირსახეობა, რომელიც მზადდებოდა ლერწმისგან, მოგვიანებით კი თოფის ლულისგან.
დღემდე შემორჩა ვიოლინო ბეწვის სიმებით და მშვილდისრის ფორმის ხემით. ვიოლინო და ბუამი ძირითადად სოლო ინსტუმენტები იყო, ასევე გამოიყენებოდა აკომპანიმენტისათვის სიმღერის და ცეკვის დროს. შემსრულებლები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.
დასარტყამი ინსტრუმენტის როლს ასრულებდა ხის სარაკუნი, რომელიც რამდენიმე ერთად ჩამბული პატარა ფიცრებისგან შედგებოდა. სხვა კავკასიელი ხალხის ზეგავლენის შედეგად, ყაბარდოელი ხალხის ყოფაში ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები დაინერგა, როგორიცაა ზურნა, დაირალაფა და გარმონიკა. ჩრდილო კავკასიის ხალხის მსგავსად გარმონიკა მანდილოსნების ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

ბალყარელები
მრავალფეროვანი და მდიდარია ბალყარელების ფოლკლორი - ნართის ეპოსი, გმირული თქმულებანი („აჩემეზი“, „აუზუნდის მთა“, „ბოლათ ბეგი“ და სხვ.), საწეს-ჩვეულებო, შრომითი და სხვა სიმღერები. ბალყარელების მუსიკალური კულტურის წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ლირიული სიმღერები, რომლებიც განსაკუთრებით მრავალფეროვანი ფორმით და შინაარსით გამოირჩევიან. ეს არის სიმღერები სიყვარულზე („იინარი“), იუმორისტული სიმღერები („ჩამ ჟირლა“), სატირალი სიმღერები, რომლებიც ტრაგიკულად დაღუპულ ამა თუ იმ ადამიანს ეძღვნებოდა („კიუი“), მრავალნაირი იავნანა („ბეშიკ ჟირლა“). საინტერესოა იმპროვიზაციის განსაკუთრებული ფორმა - „აიტიში“, როდესაც ორი მომღერალი, ან ყმაწვილი და ქალიშვილი, პირდაპირ მაყურებელთა თვალწინ თხზავს გამჭრიახ და მოწინააღმდეგის რაც შეიძლება დამცინავ სიმღერებს.
აღსანიშნავია ის სიმღერები, რომლებიც ბალყარელების და ყარაჩაელების შუა აზიაში გადასახლებას (1943-1944წწ) ეხება, ასევე სიმღერები, რომლებიც შეთხზული იყო სამშობლოს გარეთ („კეჩგიუნჩიულიუკ ჟირლა“- სიმღერა გადასახლებაზე).
საერთო კავკასიურ ცეკვებთან („ლეზგინკა“, „ისლამეი“) ერთად, ბალყარელებთან ასევე გავრცელებულია რიტუალური ყარაჩაი-ბალყარული ცეკვები: „გოლუ“, „სანდრაკ“, „ტეპენე“, „ტეგერეკი“ და სხვ.
მუსიკალური ინსტრუმენტები: კილ კობუზ - მანდოლინის ნაირსახეობა, კინგირ კობუზ - საშუალო 12-სიმიანი არფა, კია კობუზ - ვიოლინოს მსგავსი ინსტრუმენტი, სირიიცა - სალამური, ფლეიტა, სიბიზგი - დუდუკი, გიბით კობუზ - გუდასტური, ჟორა კობუზ - წმინდა ჟღარუნები და სხვ.

ყაბარდოელების ტრადიციული ტანსაცმელი:

მამაკაცის კოსტიუმი შედგებოდა: ჩოხა ვერცხლის ქამრით და ხანჯლით, ფაფახი, ტარსიკონის წუღები; ნაბადი, ცხვრის ქურქი, ყაბალახი.
ქალის ტანსაცმელი: შარვალი, ტუნიკის ფორმის პერანგი, ფეხებამდე გრძელი ფარფაშა კაბა, ვერცხლის და ოქროს ქამრები და სამკერდეები. ოქროთი ნაქარგი ქუდი, ტარსიკონის წუღები.

 

 

 

 

 

 

ბალყარელების ტრადიციული ტანსაცმელი:
მამაკაცის ტანისამოსი: ტრადიციული ჩრდილო-კავკასიური ტიპის პერანგი, შარვალი, ბეშმეთი, მოკლე ხიფთანი, რომელიც წვრილი ქამრით იკვრებოდა და მასზე იარაღს კიდებდნენ; ქურქი, ნაბადი, ფაფახი, ყაბალახი, ქეჩის შლიაპები, ტყავის და ქეჩის ფეხსაცმელი.
ქალის ტანსაცმელი: ქალები იცვამდნენ ტუნიკის ფორმის პერანგს, ფართო შარვალს, გრძელ ფაშფაშა კაბას. იყენებდნენ შალს, თავსაფარს, შარფს, ქუდს, სხვადასხვა სახის სამკაულებს. სადღესასწაულო კაბას ამშვენებდნენ ოქროს და ვერცხლის ნაქარგებით.
ყაბარდო-ბალყარეთს გააჩნია უზარმაზარი კულტურული პოტენციალი, სადაც გაერთიანებულია მათი ხალხების ისტორიული ტრადიციები და თანამედროვე ხელოვნების მიღწევები. რესპუბლიკაში მოქმედებს პროფესიული თეატრები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლები, სახელმწიფო ფილარმონია. უმდიდრესი საარქივო, ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ეხება რესპუბლიკის ისტორიის და კულტურის განვითარებას, თავმოყრილია ნაციონალური მუზეუმის ფონდებში და მის შვიდ ფილიალში, რომელიც ითვლის 140 ათას ეგზემპლიარს.

BACK




სპორტი

მრავალ საერთოკავკასიურ ნაციონალურ სიმბოლოებში, განსაკუთრებით გამოირჩევა მეომარი მხედრის სიმბოლო. ისტორიულმა, არსებობის პოლიტიკურმა პირობებმა, მუდმივმა ომებმა, მილიტარიზირებულმა ყოფამ, სამხედრო ლაშქრობა-თავდასხმების განვითარებულმა ინსტიტუტმა, ბუნებრივ-გეოგრაფიულმა სპეციფიკურმა პირობებმა და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს ჯირითობის აყვავება. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტად მეცხენეობა განვითარდა ყაბარდოში, აქ გამოყვანილი ცხენების ჯიშები ცნობილი გახდა როგორც „ყაბარდოული“, მაგრამ ჩერქეზები (ადიღეელები) მას უწოდებენ „ადიგეშს“ - „ჩერქეზულ ცხენს“. ტრადიციული დოღების გარდა, ყაბარდო-ბალყარეთში სახალხო დღესასწაულებს თან ახლდა სხვადასხვა შეჯიბრებები, ჯირითობა, ჭიდაობა და ა.შ. ყაბარდოული თამაშები და სანახაობები ატარებდნენ გასამხედროებულ ხასიათს: მიზანში სროლა, სროლა ცხენიდან, მხედრების ჭიდაობა ცხვრის ტყავისათვის, ცხენოსანთა და ჯოხებით შეიარაღებული ქვეითთა შორის ბრძოლა.
ყაბარდო-ბალყარეთში ამჟამადაც ძლიერია სპორტული ტრადიციები. პოპულარობით სარგებლობს ჭიდაობა, ძიუდო, კარატე, ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი და სხვა.
ყაბარდო-ბალყარელი მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენებია:

  • მურატ ქარდანოვი - მსოფლიო ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;
  • ანზორ ჩიხაბახოვი - მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კიოკუშუნკაი კარატეში;
  • ასლანბეგ ხუშტოვი - ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;
  • ხაჯიმურატ აკაევი - ათენის ოლიმპიადის პრიზიორი;
  • ბორის შუხოვი - მიუნხენის 1972წ. ოლიმპიური ჩემპიონი (ველოსპორტი);
  • სერგეი როგოჟინი - მოსკოვის ოლიმპიური ჩემპიონი (ცხენოსნობა);
  • ხასანბი ტაოვი - ათენის ოლიპიადის პრიზიორი (ძიუდო).

BACK

განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru