Eng
ქარ Рус

ინგუშეთის რესპუბლიკა

ზოგადი ინფორმაცია
რელიგია
ისტორია
კულტურა
სპორტი

ინგუშეთის რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

ეტიმოლოგია - რესპუბლიკის სახელწოდება მომდინარეობს დასახლების სახელწოდებისაგან (ინგუში – დაბა ანგუშტის სახელწოდებიდან) და ქართული სუფიქსისაგან – ეთი, რაც ჯამში წარმოადგენს „ადგილს, სადაც ცხოვრობენ ინგუშები“. ერის თვითსახელწოდებაა - «ГIалгIай».

დედაქალაქი - ქალაქი მაგასი („მზის ქალაქი“), აშენდა 1995 წ. იგივე სახელწოდების ძველი ქალაქის ადგილზე. 2002 წლის დეკემბერში გახდა ინგუშეთის დედაქალაქი, ნაზრანის ნაცვლად.


ენა - ინგუშები საუბრობენ ნახის ჯგუფის (კავკასიურ ენათა ოჯახი) ინგუშურ (გალგაურ) ენაზე. იკვეთება ენობრივი კავშირები ძველ ხურიტო-ურარტულ ჯგუფებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ-კავკასიურ ენებს შორის. ინგუშურ ენას ახლო ნათესაური კავშირი აქვს ჩეჩნურთან.

მუსულმანური სარწმუნოების მიღების შემდგომ ინგუშეთში დამკვიდრდა არაბული დამწერლობა. მოგვიანებით კი - რუსული და მშობლიური დამწერლობები (ინგუშური ალფავიტი შეიქმნა 1920 წელს ვაინახური ენების ცნობილი ინგუში მკვლევარის ზ. მალსაგოვის მიერ). 1934 წელს მოხდა ჩეჩნური და ინგუშური ალფავიტის უნიფიცირება, რასაც მოგვიანებით ვაინახური ალფავიტის უნიფიცირება მოჰყვა, ისევე როგორც სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალი უმრავლესი ერების ალფავიტების, რომელთა გადაყვანა მოხდა რუსული დამწერლობის გრაფიკაზე.

ინგუშეთის რესპუბლიკის დროშა




მიღების თარიღი 15.06.1994წ.


ინგუშეთის რესპუბლიკის გერბი
მიღების თარიღი: 26.08.1994 წ.


ტერიტორიის ფართობი
ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობია 3,6 ათას. კვ. კმ.

საზღვრები
ინგუშეთის რესპუბლიკა განლაგებულია კავკასიის ქედის ჩრდილოეთ ფერდობის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ჩეჩნეთის რესპუბლიკას, საქართველოს, და ჩრდილოეთ ოსეთს.


მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული მდგომარეობა
მოსახლეობა - 499,5 ათასი ადამიანი (2008 წლის 1 იანვრისათვის).

მოსახლეობის სიმჭიდროვე – 141, 6 ადამიანი კმ² (2005 წ.), ქალაქის მოსახლეობის წილი შეადგენს – 41, 5 %, სოფლის მოსახლეობის – 58,5 %.

ინგუში - 77,3 %
ჩეჩენი - 20,4 %
რუსი - 1,2 %
სხვები - 1,1%


ადმინისტრაციულ-ტერიროტიული განაწილება
ინგუშეთის რესპუბლიკა იყოფა 4 რაიონად და რესპუბლიკური დაქვემდებარების 4 ქალაქად.


რაიონები
ნაზრანის რაი-ნი
მალგობეკის რაი-ნი
სუნჟენის რაი-ნი
ჯეირახის რაი-ნი

ქალაქები
ქ. მაგასი
ქ. ნაზრანი
ქ. კარაბულაკი
ქ. მალგობეკი


რელიგია

დღეისათვის, ინგუშები არიან ტრადიციული სუნიტური ისლამის მიმდევრები. ინგუშეთში (დასავლეთ ინგუშეთი) ისლამის შეღწევის პირველი დადასტურებული წყაროები მიეკუთვნება XVI საუკუნის 80-იან წლებს. თუმცა, ინგუშეთის მთიან ნაწილში დიდი ხნის განმავლობაში შემონახული იყო წარმართული ტრადიციაბი. XVIII საუკუნის მეორე ნახევრის წყაროები ინგუშების რელიგიას ახასიათებენ როგორც წარმართულს, რომელშიც ორგანულად იყო შერწყმული ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტები. მთიან ინგუშეთში, XVIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულ სამარხებში ნათლად არის ასახული დაკრძალვის ისლამური წეს-ჩვეულებები. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან, ისლამი ინტენსიურად ვრცელდება ინგუშეთის მთელ ტერიტორიაზე.

ამჟამად, რესპუბლიკაში მოქმედებს იურიდიული სტატუსის მქონე 20 რელიგიური ორგანიზაცია, რომელთაგან 17 არის ისლამური, ხოლო 3 მიეკუთვნება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.


ისტორია
პირველი წერილობითი ინფორმაცია ინგუშებისა და ჩეჩნების საერთო წინაპრებზე დათარიღებულია ჩვენს წელთარღიცხავმდე პირველი ათასწლეულით. სტრაბონეს „გეოგრაფიაში“ მოხსენიებულია ეთნონიმი „გარგარეი“, რაც მომდინარეობს ნახის „გარგარადან“ (გერგა)– ახლობელი, ნათესაური. „ვაინახები“ („ჩვენი ხალხი“) – შედარებით თანამედროვე ტერმინია, რომელიც მოიცავს ჩრდილო კავკასიის 4 ერს – ჩეჩნებს, ინგუშებს, ბაცბიცებს და ქისტებს. ინგუშები მთიან ზონაში ცხოვრობდნენ ცალკეულ საზოგადოებებად: გალგურ (აქედან მომდინარეობს ინგუშების დასახელება), ცორინის, ჯეირახის და მეცხალის.

XIII საუკუნეში ვაინახებით დასახლებული ტერიტორია განიცდიდა თათრების გამანადგურებელ თარეშს, XIV საუკუნის ბოლოს თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე შეიჭრა თემურ-ლენგის ლაშქარი. ხშირი თარეშის შედეგად ინგუშებს არაერთხელ მოუწიათ მიგრირება. XVI-XVII საუკუნეებში იწყება ინგუშების გადასახლება დაბლობზე, მდინარეების თერგისა და სუნჟის ნაპირების მიმდებარე ტერიტორიებზე. აღნიშნული პროცესი გრძელდებოდა XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე. ინგუშების თანამედროვე საცხოვრებელი ტერიტორია საბოლოო სახით ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში. .

ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებით, უკვე XVII საუკუნეში ტარის ველზე არსებობს დიდი ინგუშური დასახლება ანგუშტი, რომლის დასახლებეიდან წარმოიქმნა ეთნონიმი „ინგუში“.

1770 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ინგუშეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლაზე. 1810 წელს ნაზრანის ტერიტორიაზე ნაზრანის ციხე-სიმაგრის მშენებლობა დაიწყო. ისტორიკოსების ნაწილი ამ თარიღის მიიჩნევს რუსეთის იმპერიასთან დროებით მიერთების თარიღად.

1858 წელს მეფის რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ ინგუშების აჯანყებას მოჰყვა მათი მასიური გადასახლება და მათ სახელშეცვლილ სოფლებში კაზაკების ჩასახლება. ინგუშების ნაწილი გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში.

1860 წელს იმპერატორ ალესანდრე II–ის მითითებით, ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ყუბანის და თერგის ოლქები (ინგუშეთის გარდა ოლქების შემადგენლობაში შედიოდა ჩეჩნეთის, იჩქერიის და მთიანი ოლქები). 1905 წელს შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, ინგუშებმა მიაღწიეს დრობით გამოყოფას დამოუკიდებელ ნაზრანის მხარედ, თერგის ოლქის შემადგენლობაში.

მეფის რუსეთის დამხობის და ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, შეიქმნა მთიელთა ასსრ (1921 წ. იანვარი), ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან ერთად, რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ჩრდილოეთ ოსეთი. ავტონომიის დედაქალაქი იყო ქ. ვლადიკავკაზი.

მთიელთა ასსრ-ს დაშლის შემდგომ, 1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, ადმინისტრაციული ცენტრით ქ. ვალდიკავკაზში. შემდგომში ინგუშეთის და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქად, რომელსაც 1936 წლის 5 დეკემბერს მიენიჭა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ინგუშებს ასახლებენ შუა აზიაში, ხოლო ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა. ამასთანავე ინგუშეთი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს შემადგენლობაში, ნაზრანის რაიონის სტატუსით.

1950 წელს გამოცხადდა ამინისტია და ინგუშებს მიეცათ უფლება დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. 1957 წლის 9 იანვარს აღდგენილი იქნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ (პრიგოროდნის რაიონი, რომელიც იმდროისათვის დასახლებული იყო ოსებით, ჩრდილო ოსეთის შემადგენლობაში დარჩა და გაერთიანდა ვლადიკავკაზის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიასთან).

1991 წლის 26 აპრილს, რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა კანონი „რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა ინგუშეთის ტერიტორიის რეაბილიტაციასაც. 1991 წლის 1 ოქტომბერს რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა გაიყო ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რეპუბლიკებად (საზღვრები დღემდე განსაზღვრული არ არის), ხოლო 1992 წლის 4 ივნისს მიღებული იქნა კანონი „რფ-ის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შესვლის შესახებ“.
პრიგოროდნის რაიონის გამო დაწყებული ტერიტორიული დავა ინგუშებსა და ოსებს შორის, 1992 წელს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში. შედეგად ინგუშები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ აღნიშნული რაიონი და გადასულიყვნენ ინგუშეთში. კონფლიქტი ოსებსა და ინგუშებს შორის დღემდე აქტუალურია.



ფოლკლორი:
ინგუშებს გააჩნიათ მდიდარი და მრავლფეროვანი ფოლკლორი: გადმოცემები, ლეგენდები, ზღაპრები, სიმღერები, ანდაზები და გამონათქვამები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაპტ-ორსტხოისის გმირულ ეპოსს. მრავალფეროვანია მუსიკალური და სასიმღერო ფოლკლორი. ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები – სამსიმიანი ვიოლინო სპეციფიური (дугообразным) ხემით, დოლი, ბალალაიკა (დეხჩ-პანდრ). მოგვიანებით გავრცელდა გარმონი, რომელზეც ძირითადად გოგონები უკრავენ. ინგუშების საყვარლი ცეკვაა წყვილის ლეკური ცეკვა. ინგუშებისათვის დამახასიათებელი ნაციონალური კოლორიტი აისახება ისეთ თანამედროვე საცეკვაო დადგმებში, როგორიცაა „მასობრივი ინგუშური ცეკვა“, „თავისუფალი ცეკვა“ (წყვილების), „ინგუში მამაკაცების ცეკვა“.

საცეკვაო და მუსიკალური ტრადიციული ხალხური კულტურა შენარჩუნებულია და მაყურებლისთვის მიწოდებულია ინგუშეთის ანსამბლების: ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „ინგუშეთი“-ს, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „მიგას“ და გარმონისტების ანსამბლის „სატა“-ს მიერ.

სულიერი და კულტურული საზოგადოების განვითარებაში დიდი როლი მიუძღვით ინგუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს: ი. ბაზარკინის სახელობის ინგუშეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ინგუშეთის სახელმწიფო თეატრ-სტუდიას „სოვრემენიკ“, შემოქმედებით გაერთიანება „ზოკხ“-ს, ინგუშეთის მოზარდმაყურებლის სახელმწიფო თეატრს, ა. ხამხოევის სახელობის ფილარმონიას, ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლს, ინგუშეთის რესპუბლიკის ნაციონალურ ბიბლიოთეკას, მუზეუმ- მემორიალს მიძღვნილს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისადმი (1997 წლის 23 თებერვალი).

 


გამოყენებითი ხელოვნება

მატერიალური კულტურის ადრეული პერიოდი ეკუთვნის ე.წ. კობანის კულტურას, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. აღრიცხვამდე XVI-IV საუკუნეების ბრინჯაოს ხანით. მოპოვებულია სხვადასხვა სახის ბრინჯაოს ნაკეთობები საყოფაცხოვრებო, კულტურული და იუველირული ნაწარმი.

ინგუშურმა კულტურამ სახელი გაითქვა ქვის ნაკეთობებით და შალის ნოხების, წითელ და ნარინჯისფერ ფერებში თვითმყოფადი ორნამენტებით (ირმის რქები, მთის მცენარეები, ასტრალური ფიგურები) ქსოვით.

საბრძოლო იარაღის წარმოება წარმოდგენილია შუასაუკუნეების იარაღით, როგორიცაა მახვილი, ხმალი, საბრძოლო დანები, ხანჯლები, ხის მშვილდ-ისრები და სხვა.



ნაციონალური შემოქმედების ნიმუშები და კულტურის იშვიათი ექსპონატები შემორჩენილია ინგუშეთის მუზეუმებში: ტ.ხ. მალსაგოვის ინგუშეთის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (დაარსებულია 1992 წლის 1 მარტს), სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (1988 წ.).

 


არქიტექტურა

შუა საუკუნეების კოშკების მშენებლობის არქიტექტურა წარმოადგენს ინგუშეთის ხალხის უნიკალურ მემკვიდრეობას. ტრადიციული კოშკები აშენებული ფერდობებზე და ხევებში დამახასიათებელია მთის მოსახლეობისათვის. მე-5 - მე-14 საუკუნეებში შენდებოდა ძირითადად საცხოვრებელი და ნახევრადსაბრძოლო კოშკები, სახელწოდებით "гIала". შუა საუკუნეებში ასევე შენდებოდა ციხე-სიმაგრეები. განთქმულია შემდეგი კოშკების კომპლექსები: ოზიკ (ბარკიმ), ვოვნუშკი, ტარგიმ, ეგიკალ, ერზი, პიალინგი, ნიი, ცორი, ლიალახ.

საინტერესო სხვაობაა კულტურულ ძეგლებში, სადაც აისახება ინგუშეთის რელიგიური წარსული. ყველაზე ძველ საკულტო ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს ქვის ნაგებობა „სელინგი“ (ღმერთი სელას სახელიდან). ინგუშეთში შემორჩენილია აკლდამა, რომელსაც სხვადსხვანაირად მოიხსენიებენ. მისი ეტიმოლოგია მომდინარეობს სიტყვიდან «ц1и» - ცეცხლი, რაც მეტყველებს მზისთაყვანისმცემლობაზე.

XI-XII ს.ს. აღინიშნება ქრისტიანული კულტურის გავლენა. ამ პერიოდში   ქართველი არქიტექტორების მიერ შენდებოდა ეკლესია-ტაძრები. აღნიშნულის  ნათელ მაგალითს წარმოადგენს  ტყობია-იერდას (წმიდა თომას სახელობის) ტაძარი, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კონფესიურ-კულტურული, პოლიტიკურ-სამხედრო და ეკონომიკური კავშირების დასტურია.

მესამე ტიპის ქვის ზოტიკასათან დაკავშირებულია სარკოფაგის არქიტექტურა, საფლავის მშენებლობის ან ნეკროპოლის დასახელებით. აღნიშნულს ინგუშები უწოდებენ „მალხარა კაშმაშ“ (სიტყვასიტყვით მზის საფლავები).

არქიტექტურული ძეგლების აღრიცხვის, შესწავლის და შენარჩუნების მიზნით, 2000 წლის 3 აპრილს, ინგუშეთის კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა არქეოლოგიური ცენტრი.
რესპუბლიკაში მოქმედებს ჯეირახსკო-ასინსკის არქეოლოგიურ-ისტორიული და ბუნებრივი ნაკრძალი-მუზეუმი, რომლის მიზანია შუა საუკუნეების მთის ინგუშეთის კულტურის შესწავლა-შენარჩუნება.


სპორტი

ძველ ინგუშეთში პოპულარული იყო ისეთი თამაშები და შეჯიბრებები, როგორებიცაა ბაგირის გადაძალვა, ბურთაობა, სირბილი, ფარიკაობა, მთასვლელობა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბრძოლა, სპეციფიური ელემენტებით. დღესასწაულებზე ჩეჩნები და ინგუშები ეჯიბრებოდნენ ცხენზე ჯირითში, სადაც იყენებდნენ აკრობატიკის ელემენტებს. ასევე ეწყობოდა სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და თამაშობები.

დღევანდელ ინგუშეთში პრიორიტეტი ენიჭება მძლეოსნობის ისეთ სახეობებს, როგორიცაა თავისუფალი ჭიდაობა, აღმოსავლური ორთაბრძოლები, კრივი, შტანგის აწევა.

ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში აშენდა შვიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელთა ბაზაზე შექმნილია ბავშვთა და მოზარდთა ოთხი სპორტული სკოლა. ინგუშ სპორტსმენებს – შტანგისტებს, მოკრივეებს, თავისუფალ სტილში მოჭიდავეებს არაერთხელ გაუმარჯვიათ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიადებზე. მათ შორის არიან ისრაილ არსამაკოვი – შტანგისტი, სეულის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი; ვახა ევლოევი – ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; ახმედ კოტიევი – მოკრივე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კრივში; რახიმ ჩახკიევი – მოკრივე, პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი.
განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru