Eng
ქარ Рус

დაღესტნის რესპუბლიკა

ზოგადი ინფორმაცია
რელიგია
ისტორია
კულტურა
სპორტი

დაღესტნის რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

ეტიმოლოგია - სახელწოდება დაღესტანი გამოიყენება მე-17 საუკუნიდან და ნიშნავს „მთიან ქვეყანას“ (თურქულად „დაგ“ – მთა, ადგილი, ქვეყანა, მიწა). თუმცა, ეს დასახელება მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისითაა მართებული: რესპუბლიკის შემადგენლობაში ნოღაის სტეპებისა და ყიზლარის დაბლობის შესვლის შემდეგ, მთიან ტერიტორიას საერთო ფართობის მხოლოდ 56% უჭირავს. ტერსკო-კუმსკის (ნოღაის სტეპი), ტერსკო-სულაკსკის (კუმიკის ველი) და ზღვისპირეთის (მახაჩკალას სამხრეთით) დაბლობებს რესპუბლიკის ფართობის დაახლოებით 40% უჭირავს.


დედაქალაქი - მახაჩკალა (ავარიულ ენაზე МахIачхъала, ლეკურ ენაზე Анжи). დასახლება დაარსდა 1844 წელს, როგორც რუსული სამხედრო სიმაგრე პეტროვსკოე, რომელიც მთიელთა შორის ცნობილი იყო სახელწოდებით ანჟი-კალა (წამებული ციხე-სიმაგრე). 1857 წელს დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი და დასახელება - საპორტო ქალაქი პეტროვსკი. აღნიშნული დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის თანახმადაც, 1722 წლის სპარსეთის ლაშქრობის დროს ამ ადგილას პეტრე პირველის ჯარი იყო დაბანაკებული.

თანამედროვე დასახელება ქალაქმა 1921 წელს მახაჩა დახადაევის პატივსაცემად მიიღო. მოგვიანებით მახაჩკალა დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.


ენა: დაღესტნური ენები – დაღესტნის ლინგვისტური რუკა ძალიან მრავალფეროვანია. არის ენები, რომლებიც მხოლოდ ცალკეული აულების ენებს წარმოადგენენ. ამიტომ „მთების ქვეყანას“ (დაღესტანი) კიდევ „ენების მთას“ უწოდებენ. დაღესტნური ენები მიეკუთვნება კავკასიის იაფეტური ენების აღმოსავლურ ჯგუფს. ძირითადად გავრცელებული ენებია: ავარიული, დარგინული, ლეკური და ლეზგინური.

მიახლოებითი კლასიფიკაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სახით:

I. ავარო-ანდო-დიდოური ჯგუფი, სადაც შედიან: 1. ავარიული ენა; 2. ანდიური ენები - ანდი, გოდობარი, ბოტლიხი, კარატა, ახვახი, ბაგვალალი, ჩამლალი და ტინდი; 3. დიდოური ენები - ხვარში, კაპუჩი, ხუნზალი, გინუხი და დიდო; 4. აულ არჩის (ლეკურად), ანუ როჩის (ავარიულად) ენა.

II. დარგინული ჯგუფი: 1. დარგინული ენა, 2. კაიტაკი, 3. კუბაჩინი.

III. ლეკური ჯგუფი წარმოდგენილია ერთი - ლეკური ენით.

IV. ლეზგინური ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის ენები: 1. ლეზგინური; 2. თაბასარანული; 3. სამურული ენები – აგული, რუტული, ცახური, ხაპუტი, ჯეკი, კრიზი, ხინალუგი, ბუდუკი და უდინური.

დაღესტნური ენები, ძირითადად დამწერლობის გარეშე, ან მცირე დამწერლობითაა წარმოდგენილი (языки малописьменные). ისლამთან და არაბულ ენასთან ერთად დაღესტანში შევიდა არაბული გრაფიკა. XII საუკუნიდან იქმნება ე.წ. „აჯამური“ დამწერლობა. 1900-იანი წლების დასაწყისში, ლითოგრაფიული მეთოდით, ავარულ ენაზე გამოიცა პირველი წიგნები (ძირითადად რელიგიური ხასიათის). 1920 წ. მოხდა ძველი ალფავიტის რეფორმირება და ეწოდა „ახალი აჯამი“. 1928 წ. დაღესტნელებმა მიიღეს ლათინური ალფავიტი, რომელსაც საფუძვლად ახალი, უნიფიცირებული თურქული ალფავიტი დაედო.


დაღესტნის რესპუბლიკის დროშა




მიღების თარიღი: 26 თებერვალი 1992 წელი


დაღესტნის რესპუბლიკის გერბი
მიღების თარიღი: 20 ოქტომბერი 1994 წელი


ფართობი
დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 50 300 კვ.კმ.

 


საზღვრები
ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება აზერბაიჯანს სამხრეთით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკას დასავლეთით, სტავროპოლის მხარეს ჩრდილო-დასავლეთით და ყალმუხეთის რესპუბლიკას ჩრდილოეთით. აქვს 2 ანკლავი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (სოფლები – ხრახუბა და ურიანობა).


მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული სიტუაცია
მოსახლეობის რაოდენობა – 2687,8 ათასი კაცი (2008 წ.). სოფლის მოსახლეობა შეადგენს 57,5%, ხოლო ქალაქის მოსახლეობა – 42,5% (2008 წ.). რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მუდმივად ცხოვრობს 700 000-ზე მეტი დაღესტნელი.

ხალხი რაოდენობა (2002წ)

ავარიელები 29,4%
დარგინები 16,5%
ყულმუხები 14,2%
ლეზგინები 13%
ლეკები 5,4%
რუსები 4,7%
აზერბაიჯანელები 4,3%
თაბასარანები 4,3%
ჩეჩნები 3,4%
რუტულები 1,6%
ნოღაიელები 1,5%
აგულები 0,9
ცახურები 8,2
სომხები 5,7
თათრები 4,7
უკრაინელები 2,9
ებრაელები 1,5
მთის ებრაელები 1,1



ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
დაღესტნის რესპუბლიკა იყოფა 42 მუნიციპალურ რაიონად და 10 საქალაქო ოლქად:

რაიონები
აგულის რაიონი (რაიონული ცენტრი – ს. ტპიგი)
აკუშის რაიონი (ს. აკუშა)
ახვახის რაიონი (ს. კარატა)
ახტის რაიონი (ს. ახტი)
ბაბაიურტის რაიონი (ს. ბაბაიურტი)
ბეჟტის რაიონი (ს. ბეჟტა)
ბოტლიხის რაიონი (ს. ბოტლიხი)
ბუინაკსკის რაიონი (ს. ბუინაკსკი)
გერგებილის რაიონი (ს. გერგებილი)
გუმბეთოვის რაიონი (ს. მეხელთა)
გუნიბის რაიონი (ს. გუნიბი)
დახადაევის რაიონი (ს. ურკარახი)
დერბენტის რაიონი (ქ. დერბენტ)
დოკუზპარინის რაიონი (ს. უსუხჩაი)
კაზბეკოვის რაიონი (ს. დილიმი)
კაიტაგის რაიონი (ს. მაჯალისი)
ყარაბუდახკენტის რაიონი (ს. ყარაბუდახკენტი)
კაიაკენტის რაიონი (ს. ნოვოკაიაკენტი-ახალი კაიაკენტი?)
ყიზილიურტის რაიონი (ქ. ყიზილიურტი)
ყიზლარის რაიონი (ქ. ყიზლარი)
კულინის რაიონი (ს. ვაჩი)
კუმტორკალინის რაიონი (ს. კორკმასკალა)
კურახის რაიონი (ს. კურახი)
ლეკის რაიონი (ს. კუმუხი)
ლევაშის რაიონი (ს. ლევაში)
მაგარამკენტის რაიონი (ს. მაგარამკენტი)
ნოვოლეკის რაიონი (ს. ნოვოლეკი)
ნოღაის რაიონი (ს. ტერეკლი-მეკტები)
რუტულის რაიონი (ს. რუტული)
სერგოკალის რაიონი (ს. სერგოკალა)
სულეიმან-სტალის რაიონი (ს. კუსუმკენტი)
თაბასარანის რაიონი (ს. ხუჩინი)
თარუმოვის რაიონი (ს. თარუმოვკა)
თლიარატინის რაიონი (ს. თლიარატა)
უნცუკულის რაიონი (ს. უნცუკული)
ხასავიურტის რაიონი (ქ. ხასავიურტი)
ხივის რაიონი (ს. ხივი)
ხუნძახის რაიონი (ს. ხუნძახი)
წუმადის რაიონი (ს. აგვალი)
წუნტის რაიონი (ს. კიდერო)
ჩაროდის რაიონი (ს. წურიბი)
შამილის რაიონი (ს. ხებდა)

ქალაქები
ქალაქი ბუინაკი
ქალაქი დაღესტნსკიე ოგნი
ქალაქი დერბენტი
ქალაქი იზბერბაში
ქალაქი კასპიისკი
ქალაქი ყიზილიურტი
ქალაქი ყიზლარი
ქალაქი მახაჩკალა
ქალაქი ხასავიურტი
ქალაქი სამხრეთ-სუხოკუმსკი



რელიგია
დაღესტნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (90,7%-ზე მეტი) ისლამის მიმდევარია, დანარჩენი ნაწილი ქრისტიანობას და იუდაიზმს აღიარებს. ქრისტიანები იყოფიან მართლმადიდებლებად და გრიგორიანელებად. იუდაიზმს აღიარებენ მთიელი ებრაელები. მათი ნაკადი წამოსულია ბაბილონიდან და სპარსეთიდან, მე-7 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე (დღეს მათი უმრავლესობა ტატამებად იწოდება).

ისლამის გავრცელება იწყება დაახლოებით VII-VIII საუკუნეებში, ეს პერიოდი ხასიათდება არაბ-ხაზართა უწყვეტი შემოსევებით. არაბთა გამარჯვებას XV საუკუნეში მოჰყვა ისლამის გავრცელება დაღესტანში. ისლამი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა დაღესტნის სხვადასხვა ტომების გაერთიანების პროცესზე. ისლამიზაცია დაიწყო ქ. დერბენტიდან და მიმდებარე დაბლობებიდან, შემდგომში დასავლეთის მთიანი და მაღალმთიანი ნაწილი მოიცვა. XIX საუკუნის დასაწყისში ბევრი მთიელი ადათის წესებს (ჩვეულებით სამართალს) ინარჩუნებდა, მაგრამ იმამმა გაზი-მაგომედმა და შამილმა აიძულეს ისინი მიეღოთ შარიათის კანონები (მუსულმანური სამართლი). დაღესტანში ისლამი იყოფა ორ მიმართულებად: სუნიზმად (97%-მდე) და შიიზმად (დაახლოებით 3%). სუნიტები, თავის მხრივ, იყოფიან თარიკატის და ვაჰაბიზმის მიმდევრებად, რომელთა როლი ბოლო დროს მკვეთრად ძლიერდება.

ამჟამად, რესპუბლიკაში დაახლოებით 2 ათასი მეჩეთი ფუნქციონირებს. რელიგიური ცხოვრების ხელმძღვანელობა ძირითადად ხორციელდება დაღესტნის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს მეშვეობით, რომელიც რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო ცხოვრების მართვის ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენს.

რესპუბლიკაში ფუნქციონირებს 2 ათასამდე მეჩეთი. რელიგიური ცხოვრების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ძირითადად დაღესტნის მუსულმანთა სასულიერო სამმართველო (დმსს) - ოფიციალური ორგანო რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო ცხოვრების საერთო სამმართველო.

 


რესპუბლიკაში მოქმედებს 2 ისლამური უნივერსიტეტი, 3 ისლამური ცენტრი და 8 ისლამური ინსტიტუტი 12 ფილიალით. მეჩეთებთან ორგანიზებულია 1000-ზე მეტი ისლამის საფუძვლების შემსწავლელი სკოლა თუ ჯგუფი. მეჩეთებისთვის იმამების და მოლების მოსამზადებლად მოქმედებს 35 მედრესე.


ისტორია
დაღესტნის ტერიტორია ადამიანის მიერ ჯერ კიდევ უძველესი დრიოდან -პალეოლითის ეპოქიდან იქნა ათვისებული. აქ მცხოვრები ტომების შესახებ ცნობები გვხვდება ანტიკური პერიოდიდან შემდეგი დასახელებით: კასპები, გელები, ლეგები, ანდაკები, დიდურები, უტინები და სხვა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის ბოლოს დაღესტანი სამხრეთ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ სასანიდების (ირანი) სახელმწიფოში. კავკასიაში ხალხების დიდმა გადასახლებამ და დაღესტანის კასპიისპირეთში სახვადასხვა მომთაბარე ტომების (სავირები, ავარიები, ბარსიდები, ჰუნები და სხვ.) შეჭრამ ვითარება გაართულა.

არაბული წყაროების მიხედვით, V საუკუნიდან დაღესტნის ტერიტორიაზე წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფო შენაერთი: დერბენდი, ლაკზი, ტაბასარანი, სარირი, ზირიხგერანი (კუბაჩი), კაიტაღი, გუმიკი და სხვ. მომდევნო დაპყრობის შედეგად, VII საუკუნის შუა პერიოდში ჩრდილო დაღესტანი ხაზარების ნაწილი ხდება. VII-VIII საუკუნეებში არაბებსა და ხაზარებს შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი ომები, სადაც დაღესტნის ხალხიც იყო ჩართული. ამ პერიოდში დაღესტანი დამპყრობლების კულტურული ზეგავლენის ქვეშ ექცევა, რომლის შედეგად ვრცელდება ისლამი.

IX საუკუნეში დაღესტანი თავისუფლდება არაბებისგან, ხოლო 965წ. ხაზართა სახანო დაიშალა, რაც დაღესტნის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. XI საუკუნის შუა პერიოდში იმიერკავკასიაში გამოჩნდნენ ყივჩაღთა ტომები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კასპიისპირეთის დაღესტნის მოსახლეობისაგან კუმიკი ერის ჩამოყალიბებაში.
 
XII საუკუნის შუა პერიოდიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე დაღესტანში ავარიელების სახანო, კიზიკუმუხის შამხალი, კაიტაღის უსამიეთი და მთელი რიგი (წვრილი) დამოუკიდებელი პოლიტიკური შენაერთები ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში დერბენტი არსებობს როგორც დამოუკიდებელი საემირო.

XIII საუკუნის 20-იან წლებში დაღესტანში მონღოლები შეიჭრნენ, რამაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარება მკვეთრად შეაფერხა, რეგრესი განიცადა კულტურამაც. XIV საუკუნეში დაღესტანში შეიჭრა ტოხტიმიში, 1395 წელს კი დერბენტის გავლით, აზერბაიჯანელთა ურიცხვი არმიით შევიდა თემურ-ლენგი, რამაც მოსახლეობის მასიური განადგურება გამოიწვია. აღნიშნულ პერიოდში ძლიერდება დაღესტნის ისლამიზაციის პროცესი.

XV-XVI საუკუნეებში შამხალებმა (ადგილობრივ წყაროებში `ფადიშახი”) შეძლეს დაღესტნის მოსახლეობის ისლამიზაციის დასრულება და სამი ადგილობრივი თავადური დინასტიის (უცამი კაიტაღა, მაასუმ ტაბასარინა, ნუცალ ხუნზახა) მხარდაჭერით ისლამის დროშის ქვეშ მოახდინეს ყველა დაღესტნელი მთიელების კონსოლიდაცია. მათმა ლაშქრობებმა ჩერქეზეთის და საქართველოს ქრისტიანულ-წარმართულ მოსახლეობაზე რეგულარული სახე მიიღო.

XV-XVI საუკუნეები დაღესტნისთვის აღორძინების და განვითარების ეპოქას წარმოადგენს. იზრდება ძველი და იქმნება ახალი ქალაქები, სავაჭრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრები (ტარგუ, ენდირეი, კაზანიში, გუბდენი).

XVI საუკუნეში დაღესტანი სამი ძლევამოსილი პოლიტიკური ძალის: ირანის, თურქეთის და რუსეთის დაპირისპირებაში იქნა ჩათრეული.

1722 წელს პეტრე I შეიჭრა ზღვისპირა დაღესტანში და ტერიტორია რუსეთს მიუერთა, მაგრამ 1735 წელს განჯის ტრაქტატის თანახმად, რუსეთმა, რომელიც დაინტერესებული იყო ირანთან კავშირით თურქეთის წინააღმდეგ, დაუთმო მას ეს ტერიტორიები.

1813 წელს რუსეთ-ირანის გულისტანის ხელშეკრულებით, დაღესტანი საბოლოოდ რუსეთის იმპერიასთან იქნა მიერთებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა დაღესტნის და მთლიანად კავკასიის ისტორიაში მთიელთა სახალხო-განმათავისუფლებელი ბძოლა მეფის კოლონიალიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის 20-50-იან წლებში. დაიწყო დაღესტნის და ჩეჩნეთის მთიელების ანტიკოლონიალური განმანთავისუფლებელი ბრძოლა მეფის რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც იმამები გაჯი-მაგომედი (კაზი-მოლა), გამზათ-ბეგი და შამილი ხელმძღვანელობდნენ.

კავკასიური ომის შედეგად, 1860 წელს დაღესტანი ფაქტიურად მიუერთდა რუსეთს. დაარსდა რუსეთის იმპერიის დაღესტნის ოლქი ე.წ. სამხედრო-სახალხო მმართველობით.

1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისთანავე, ჩეჩნეთში და დაღესტანში იფეთქა ახალმა დიდმა აჯანყებამ, რომელიც ულმობლად ჩაახშეს. აჯანყების მეთაურები სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ათასობით ადამიანი გაასახლეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დაიწყო რეგიონის გასაბჭოება. 1920 წლის აგვისტოში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში და დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა (მიმდინარეობდა ერთი წელი), რომელიც წითელი არმიის მიერ იქნა ჩახშობილი.

1920 წლის 1 ნოემბერს გამოცხადდა დაღესტნის ავტონომია, ხოლო 1921 წლის 20 იანვარის დეკრეტით დაღესტნის ასსრ დაარსდა.

1991 წელს სახალხო დეპუტატების II ყრილობაზე დადგინდა ამჟამინდელი სტატუსი - დაღესტნის რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

კულტურა

დაღესტნური კულტურა მომხიბვლელია თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. მისი მრავალფეროვნება პირველ რიგში განპირობებულია ქვეყნის ადგილმდებარეობითა და ეთნიკური დანაწილებით. დაღესტნურ კულტურაში დიდი კვალი დატოვეს მრავალრიცხოვანმა დამპყრობლებმა, რომლებმაც მხარის ისტორიაში თავისი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები შეიტანეს. საინტერესოა რელიგიათა ზეგავლენის ფაქტორიც. დაღესტანში თანაცხოვრობდა იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, ასევე ადგილი ქონდა კერპთაყანისცემლობას.

დაღესტანი გამოირჩევა ისტორიული და კულტურული ძეგლების სიმრავლით. აღრიცხულია და დაცულია 8000-ზე მეტი ძეგლი. მათ შორის, უნიკალურია დერბენტის გრანდიოზული თავდაცვითი სისტემა ნარინყალას ციხით (VI ს.), მაღალმთიანი ციხე-სოფელი ყალა-კორეიში (XI ს.), ჯუმა მეჩეთი სოფ. კუმუხში (XIII ს.) და სხვა.

დაღესტნურ კულტურაში ასახულია ერის სულიერი მემკვიდრეობა, ფოლკლორი, ტრადიციები, მორალურ-ეთიკური ნორმების ერთობლიობა. განვითარებულია სხვადასხვა დარგები - ფოლადის დამუშავება, კერამიკის წარმოება, ქვაზე კვეთა, ხალიჩების ქსოვა, საიუველირო საქმე და სხვა.

ფოლკლორი:

დაღესტნის მრავალეთნიკურობამ განაპირობა ფოლკლორის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. დაღესტნური ფოლკლორი მოიცავს: წესჩვეულებებს, პოეზიას, ეპიკურ და ლირიულ თხზულებებს, სიმღერებს, ზრაპრებს, ანდაზებს, თქმულებებს. გამორჩეული ხალხური შემოქმედების ნიმუშებია _ სიმღერები: „ნადირ შაჰის განადგურება“, „ხოჩქარი“, „ჩოხის აღება“, „ქამალილ ბაშირი“, „კოჭლი რაუბადინი“, „ალი დატოვებილი ხეობაში“.

ნაციონალური საკრავებია _ სასულე: ზურნა, დუდუკი, ბალაბანი, კშული; სიმებიანი საკრავები - აგაჩ-კუმუზი, თამური (სამხრეთ დაღესტანში - ასევე თარა და საზი); ხემიანი - ქემანჩა და ჩაღანა; ერთრიგიანი (აზიური) გარმონიკა; დასარტყამი – ტეპი, გავალი (სამხრეთ დაღესტანში დიპლიპიტო). თანამედროვე დაღესტანში ასევე გავრცელებულია ბაიანი, ბალალაიკა, მანდოლინა, კლარნეტი, ვიოლინო, გიტარა (ეს უკანასკნელი ყუმიკებთან).

საცეკვაო მუსიკა გამოირჩევა სიმკვეთრით, რითმით. გარდა დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ლეკურისა, გავრცელებულია ადგილობრივი წარმოშობის ცეკვები.

მუსიკალური პროფესიონალიზმის თავისებურ ფორმას ხალხური მუსიკის ხელოვნება წარმოადგენს (ლეკებთან - აშული, ლაკებთან - აშუკი, დარგინებთან - დალაილაუსტა, კუმიკებთან - პირჩი, ავარიელებთან - კოჩოხანი, შაირი და სხვ.).

ტრადიციული ტანსაცმელი

მამაკაცების სამოსი - ტრადიციული კოსტიუმი, პერანგი, ვიწრო შარვალი, ცხვრის ფაფახით. ფეხსაცმელი - წაღები, ზოგიერთ რაიონში გავრცელებული იყო ნაქსოვი ფეხსაცმელი. ზედა ტანსაცმელად გამოყენებული იყო ბეშმეთი. მამაკაცის სამოსის აუცილებელი ელემენტია - ხანჯალი.

ქალების სამოსი - გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, თითქმის ყოველ საზოგადოებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი გააჩნდა. იმის მიხედვით თუ როგორ ატარებდნენ კაბას და „შალს“, როგორი იყო ფორმა და შეფერილობა, რა სახის ბეწვეულს, ფეხსაცმელს და სამკაულების ატარებდნენ, ადგენდნენ რომელი საზოგადოებიდან ან სოფლიდან იყო ესა თუ ის მანდილოსანი. ქალის სამოსი იცვლებოდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გადასვლისას.

გამოყენებითი ხელოვნება

ქვაზე კვეთა

დაღესტანში უძველესი დროის ხელობაა, რომლის ისტორიის ათვლა იწყება პალეოლიტის ეპოქიდან. ბრინჯაოს ეპოქა (III-II ათასწლეული ჩვ. წელთაღრიცხვამდე) - პატროგრაფიკის აყვავება; შუასაუკუნეების ეპოქა (XII-XIVს საუკუნეები) - უმაღლესი რელიეფის, ქანდაკების, ტენდენციები შენობა-ნაგებობების დეკორირებისადმი, გამოსახულებითი მოტივების აყვავება და სიუჟეტების გაბატონება; გვიანი შუასაუკუნეები (XV-XVIII საუკუნეები) - ლოკალური სამხატვრო ცენტრების ფორმირება, ორნამენტის განვითარება. კერძოდ მერქნის, მთლიანად აღმოფხვრა და გამოსახულებითი მოტივები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკულტო შენობების დეკორატიულ მოკაზმულობას; (XIX-XX საუკუნეები) - ქვის ჭრა ხასიათდება ნიმუშების საიუველირო დამუშავებით, ქვის ზედაპირი მაქსიმალურად ივსება დეკორით. მკვიდრდება საფლავის ქვების ვიწროლოკალური ვარიანტები და მათი ორნამენტირება.

განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი სამხატვრო სკოლები: თამასარანის (სამხრეთის და ჩრდილოეთის), გადატლინის, ყუბაჩინის (ცნობილია 550 ქვის ყუბაჩინის რელიეფი, რომელთა უმრავლესობა ინახება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში), კუმუხის და ა.შ.



ხალიჩების ქსოვა

უმთავრესი სამხატვრო ხელობა, სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, განვითარებული იყო II საუკუნეში ჩვ. წელთაღრიცხვამდე. დამახასიათებელი ფერების გამა: წითელი და ლურჯი. დაღესტნის ყველა ხალხებს თავისებური ხალიჩები აქვთ, რომლებიც განსხვავდება ორნამენტებით და ტექნოლოგიური თავისებურებებით. მთლიანობაში დაღესტნური ხალიჩების კლასიფიკაცია შეიძლება შემდეგნაირად: უბეწვო ხალიჩები, ბეწვიანი ხალიჩები, თექის ხალიჩები - ყველაზე ძველი ხალიჩაა, რომლის ფრაგმენტები შემონახულია დღემდე (დამზადებულია VI საუკუნეში, დერბენტში).


კერამიკა

ყველაზე ადრინდელი კერამიკა აღმოჩენილია გუნიბის რაიონში, რომელიც თარიღდება V_VI საუკუნეებით (ჩოჩის ნასახლარი). დაღესტანში კერამიკის ძირითად ცენტრებად ძველი დროიდან ითვლებოდა აულები: ბალხარი, სულევ-კენტი, ჯული და ისპიკი. მეთუნუქეობის თავისებურებები და უძველესი ოსტატობის ტრადიციები შემონახულია აულში ბალხარი, სადაც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში მისდევდნენ მეთუნუქეობას.

ლითონის დამუშავება

შუასაუკუნეების დაღესტანში ლითონის დამუშავების რამდენიმე ცენტრი (კუბაჩი, გოცატლი, კაზი-კუმუხი) არსებობდა, სადაც მხატვრულ იარაღს, საიუველირო ნაწარმს, სამკაულებს და ჭურჭელს ამზადებდნენ. XII-XIV საუკუნეების არაბულ წყაროებში მოხსენიებულია ლეგენდარული `შეიარაღების ქვეყანა" ზირეხღერანი (კუბაჩი). განსაკუთრებულ დიდებას ოსტატები აღწევენ XIX საუკუნეში, როცა მზადდებოდა დახვეწილი ცივი იარაღი.

დაღესტნელი ოსტატები გამოიყენებდნენ პრაქტიკულად ყველა არსებულ საიუველირო ტექნიკას, რომელიც ძირითადად ადგილობრივი და უძველესი წარმოშობისაა (ჩამოსხმა, შტამპი, მჭედლობა, გრავირება). ყველაზე ადრინდელი ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია XVII_XVIII საუკუნეებით თარიღდება, ძირითადი ნაწილი კი XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისის ქმნილებას წარმოადგენს.


ხეზე ლითონის ზარნიში

იშვიათი სახეობის სამხატვრო ხელობას წარმოადგენს. უნცუკულის წარმოების ათვლა XVII-XVIII საუკუნეებში იწყება, ადგილობრივი ოსტატები ძირითადად ვერცხლს, მელქიორს და მაგარ მერქნიან ხის სახეობებს იყენებდნენ.

XX საუკუნეში უნცუკულიელი ოსტატების ნამუშევრები დეკორატიული საგნების როლს იძენენ.

თანამედროვე ხელოვნების და კულტურის განვითარებას, კულტურის ობიექტების დაცვასა და დაღესტნის რესპუბლიკის ხალხების ნაციონალურ კულტურას ემსახურება კულტურის მრავალი უწყება, რომლებიც განლაგებულია დაღესტნის სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში. მათ შემადგენლობაშია კულტურის სასახლეები, ბიბლიოთეკები, სასწავლო დაწესებულებები. ფუნქციონირებს 11 ეროვნული თეატრი, ფილარმონია, სახალხო შემოქმედების რესპუბლიკური სახლი. მთელ მსოფლიოში ცნობილია სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ლეზგინკა“, ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „დაღესტნის ახალგაზრდობა“, ანსამბლი „ბედნიერი ბავშვობა“, ფოლკლორული ანსამბლი „ბეჟტა“, დაღესტნის რადიოს გუნდი, გ. გასანოვის სახ. მუსიკალური სასწავლებელი, მ. ქემალის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და სხვა.

რესპუბლიკაში 15 მუზეუმია, რომელსაც აერთიანებს დაღესტნის მთავარი გაერთიანებული მუზეუმი ქ. მახაჩკალაში. ასევე ფუნქციონირებენ მუზეუმი-ნაკრძალი ქ. დერბენდში და სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. მახაჩკალაში.

სპორტი

უძველესი დროიდან დაღესტანში პოპულარობით სარგებლობდა თამაშ-შეჯიბრებები: დოღი და ჯიგიტობა. სახალხო ტრადიციებს მიეკუთვნება ბაწარზე სიარული, რომლის საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ ცოვკრინელებს, მაგრამ ეს ხელოვნება ცნობილი მოხლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გახდა. XX საუკუნის შუა ხანებში დაღესტნელი ბაწარზე მოსიარულეები მსოფლიო ასპარეზზე გავიდნენ. ამჟამად, ცოვკრა-1-ში მოქმედებს ბაწარზე მოსიარულეთა სტუდია, რომლის აღსაზრდელები აგრძელებენ სახელოვან ტრადიციებს.

ყველაზე დიდი პოპულარობით დაღესტანში ჭიდაობა სარგებლოს. ამჟამად დაღესტანში ათობით მოჭიდავეა, რომლებსაც სხვადასვა დროს მოგებული აქვთ ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატები.

დაღესტანმა დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში. დაღესტნელი სპორტსმენები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებენ 1995 წლიდან. მათ მოპოვებული აქვთ 227 მედალი, აქედან ევროპის ჩემპიონატებზე - 111, მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 86, ოლიმპიურ თამაშებში - 30. მსოფლიოში ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენები არიან: ალი ალიევი, ვლადიმერ ნაზლიმოვი, ზაგალავ აბდულბეკოვი, ვლადიმერ იუმინი, საიფული ამსაიდოვი, მაგომედხან არაცილოვი, მაგომედხან ამუშევი, ხაჯიმურატ მაგომედოვი, მურად უმახანოვი, საჰიდ მურტუზალიევი და სხვა.

განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru